** (ზოგჯერ, იმ მთიდან ..)


ზოგჯერ,
იმ მთიდან, რომელიც თავისით ჩამოიზარდა ღამის ციდან, ჩანდა ბრტყელი დედამიწა, ბეწვის ხიდზე დაგორებული.. 
აქა-იქ იწვნენ ვარდისფერი ღრუბლები და ჰაერი იყო უფრო ლურჯი, ვიდრე ყველა ზღვა ერთად.
მიწიდან ამოვიდნენ,
ხეებივით, ჩემი კერპები, 
ანუ არსაიდან მოვიდნენ.
ჰქონდათ ოდნავ ნაცრისფერი გამოხედვა,
რბილი თითები და
იცქირებოდნენ ყოველთვის იმ მხარეს,
საიდანაც ამოდიან
სამყაროს მზეები..
დღეში ერთხელ იცვლიდნენ ფერს
და
სჭირდათ მარადიული ციებ-ცხელება.
მე მინდოდა მყოლოდა ღმერთები, რომელთაც გავზრდიდი შემოდგომის ყვითელ სითბოებში და 
ისინი არასდროს დაიწყებდნენ 
ჩრდილის ძებნას უდაბნოებში.
ჩვენ ვლოცულობდით უფრო ხშირად,
ვიდრე სხვები
და გვესმოდა ყველაფერი,
რასაც არ ვამბობდით..
ლოცვები იწყებოდა გამთენიისას,
სანამ ჯერ კიდევ ბნელოდა და
მგლები იყვნენ მშივრები
შორეულ ტყეებში.
მე მომქონდა სუფთა წყალი
და
ვასხამდი ნაკვერჩხლებზე, რომლიდანაც იორთქლებოდა გამხმარი
დაფნის სუნი.
ლოცვა იყო მოკლე,
უსიტყვო,
რადგან ადვილი არ არის გამოიგონო ახალი სიტყვები.
კერპები ბრუნდებოდნენ ზურგით
და ხანდახან,
მეგონა სჭირდებოდათ ძველი ამბები,
ახლადმოფიქრებული სიჩუმის ნაცვლად..
ქარი ქროდა ნაწილ-ნაწილ,
წყვეტილად.
ხრჩოლავდნენ კუპრის ჯამები სადღაც და
მე მჯეროდა,
რომ საკუთარი ხელები გადამარჩენდნენ
წყალდიდობისგან,
და არასდროს მიფიქრია
მეტეორების წვიმებზე
სანამ, 
არ შევნიშნე, რომ
დღითიდღე ჭაღარავდებოდნენ ჩემი
სიჩუმის ღმერთები.
თვალების გარშემო გაუჩნდათ
ნაოჭები და
ისმოდა იმათი ბეჭებში მოხრის ხმა,
როცა ტრიალდებოდნენ
და უყურებდნენ, როგორ ამოდიოდა 
რამდენიმე მზე ერთად.
დედამიწა ემსგავსებოდა აღმართზე
ატანილ ლოდს და
არსად ჩანდნენ ქარიშხლები,
რომლებსაც უნდა 
გაეფანტათ ნისლი ფერდობებზე,
დრო და დრო.
თანდათან მახინჯდებოდნენ
ჩემი მოხუცი კერპები 
და
მე ვისწავლე, როგორ უნდა მეფიქრა,
მათზე როცა ვეღარ ვხედავდი
სამპირ თოვაში..
მერე,
მეკითხებოდნენ ხოლმე
როგორ გაიქცნენ ისინი მიწიდან
და 
მე ვპასუხობდი, რომ არაფერი 
იყო უჩვეულო,
გარდა იმისა, რომ
ჩემმა სიჩუმის ღმერთებმა
ლაპარაკი ისწავლეს და
აღარ მგავდნენ მე..
ყველაფერი არის მარტივად - 
ჩამოიქცნენ გამთენიისას,
იასამნისფერი ცის ფონზე
და
მას შემდეგ არ მიყვარს
ნათქვამი სიტყვების გამეორება,
უბრალოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი