** (ღამე იყო მშვიდი ..)
ღამე იყო მშვიდი, როგორც გუშინაც, მაგრამ ამ ცის ქვეშ ხელი ვკარი და ჩემი თავი გადავარჩინე, უფსკრულებისკენ. იდგნენ სივრცეები უნაპირო და ალალმართალი ჩანდა მთელი ქვეყანა ჩემ გარდა. ბოლავდნენ ჩამქრალი ნაკვერჩხლები ვერცხლისფერ კვამლებს, სანამ სველ თვალებს იმშრალებდა შემოდგომის ღმერთი. გადამწიფდებოდნენ აქამდე ჩაის პლანტაციები, ქალაქში, რომელშიც არ ვცხოვრობ და მაინც იმაზე ხშირად მესიზმრება, ვიდრე სამყარო, რომელიც თვითონ გამოვიგონე. არსებობდნენ როდისღაც ოდისეის ზღაპრული ამბები და ხდებოდნენ სასწაულები, ხანდახან. მერე იქცნენ ადამიანები ნამდვილებად და დაავიწყდათ, რომ ზოგჯერ უნდა დაჯდე და საკუთარ თავს ელაპრაკო იმაზე, რომ რამსიმაღლე გაზრდილა სხვისი მანდარინის ბუჩქები და ფიქრობდე უნდა, რომ ვერასდროს გაიზრდება ის ბროწეულის ხე, რომელიც არასდროს დაგირგავს ეზოში. ნაადრევად დაბერებას ჰგავს სინანული, როცა იღვიძებ და არ გახსოვს, როდის გაფრინდნენ შენი სახლის მერცხლები და მე მშურს მათი ვისაც ვერ სთრგუნავენ სიდიდეები თავიანთი სურვილების.. სხვანაირად ოცნება შეიძლება იყოს ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ან დრო წერისთვის, ან სიჩუმე თავსხმა წვიმების, ან სიმშვიდე ზამთრის საღამოს ზღვის პირას, სხვა ყველაფერი მეუხეშება საფიქრელადაც.. დრო და დრო ჩნდებიან ნაპრალები გალაქტიკებში და დედამიწა წყვეტს ტრიალს წრის გარშემო, რომელიც არ არსებობს.. იქით უფსკრულებია და ყურძნისფერი მზეებით ნათდებიან ცაზე ღრუბლები. წარმოუდგენელია, იდგე ყველაზე მაღალ მწვერვალზე და თოვლი იყოს თეთრი, როგორც მარილი.. წარმოუდგენელია თითებს შლიდე მხრების სიგანეზე და ხელს კრავდე შენს თავს, რომ ისწავლო ფრენა, ოცნებებში, რომლებიც თავისი უბრალოებით გაშინებს.. წარმოუდგენელია, მიფრინავდე და უკან რჩებოდნენ დღეები, კლდიდან მოტეხილი ლოდებივით მძიმე. ცისფერია ჰაერი იქ, სადაც სხდებიან ნამგზავრი აჩრდილები და სუნი აქვს პიტნის ფოთლების. წარმოუდგენელია, არ არსებობდეს რაღაც ჩემი წარმოდგენების იქით.. არის დაწერილი კანონები და დაუწერელი სინამდვილე, წარმოიდგინე, ის რაც არ არის და დაინახავ, როგორ იქცევა რეალობად..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი