უკანასკნელის მომდევნო ძილისპირული
ღამემშვიდობის! ჩემო სიმშვიდის არდამდგარო დღეებო.. მე ამ საღამოსაც, ისევე როგორც გუშინ, იმისწინ და ყოველთვის ვარსკვლავებთან ვრჩები ღამის სათევად და ჩემი სახლის აივნის ნაცვლად ვდგავარ იმ აზრზე, რომ უცნობი ავტორი უნდა ჰყავდეთ ჩემს ნაწერებს. ჩემი ხმა არასაკმარისად ბოხია, ჩემი ფიქრებისთვის და, ხანდახან ერთადერთი კეთილგონივრული საქციელია არ გააკეთო არაფერი! ჩვენ მივეჩვიეთ იმ სინათლეს, რომელშიც ვიწვით. ერთნაირ სისუსტეებს გვაბრალებენ. ერთნაირად გვავიწყდება ჩვენი თავი და განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ სხვადასხვანაირად ვიხსენებთ წარსულს, რომელიც არ ყოფილა. მე თუ გავჩუმდი. შენ თუ გაჩუმდი. ისინიც გაჩუმდებიან და ვერ დავიტევთ ყელში ტირილის გორგალს და გადაყლაპვა მოგვიწევს. მუცელი გაგვევსება მლაშე წყლით. თვალები ამოგვიშრება უდაბნოს მზის ქვეშ ნადგები მიწასავით. და მერე, ყველაფერი, რომ მოვყვეთ ჩვეულებრივი ხმით - შეეშინდებათ. მე არ ვიცი რამხელაა დანაკლისი მათთვის, ვინც არ წერს, თუმცა, ყველა თავისებურად გამოხატავს ერთი და იგივეს - ცხოვრებას, რომელიც არ შედგა!. ყველა თავისებურად ჩუმდება, ხოდა ნუ ეტყვი სხვას იმას, რაც თავადაც უკვე იცის!! მაგრამ ზოგჯერ გაჩუმება ჰგავს სხვის ომში თავის გაწირვას.. ჩვენ გვეშინია იმ სიმართლის, რომელიც თვალებს გვჩიჩქნის, მუხლებს გვიბზარავს. ხერხემალს გვიმსხვრევს ბროლის ხელებით.. მე ვერასდროს ვიქნები საშიში, თუ არ მექნება ცარიელი ფურცლები.. მცნებების ჩემებურ წყობას ვზეპირობ, ახალი წელთაღრიცხვით, ხუთს მინუს ერთი წელია.. და, თუ შენ ყოველ ჯერზე აკეთებ იმას, რისაც გეშინია - თაყვანსგცემ! ვითარცა ღმერთს, რომელსაც არასდროს ვუნახივარ, მაგრამ სჯერა ჩემი არსებობის.. როდისმე, გაიხსნებიან დარაბები პირამიდების და ათასწლეულთა ხშირი სუნთქვა გამოჰყვებათ ქარებს სამხრეთის.. ვიდრე ნაცვლად მიწისა, მყარად ვიდგები იმ აზრზე, რომ ჩემი ადგილი დიდი ხნის წინ დაიკავა ვიღაცამ და შეიძლება მე საერთოდაც არ დავბადებულვარ ივლისის ცის ქვეშ. ალბათ ხანდახან, ცხოვრება ჰგავს სხვის ომში თავის გაწირვას და თუ, მაინცდამაინც ბოლო დაცემა უნდა იყოს, იყოს ჩემს საკუთარ ბრძოლაში!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი