უკანასკნელის შემდეგი ძილისპირული


ყველაფერი ნიშნავს რაღაცას - 
ჩვენ, რომ გზაზე გადავდივართ და ასფალტი სველია.
ფოთოლს, რომ დავინახავთ გაყვითლებულს და
მე ჩემს ქუჩაზე მიხარია
და სხვას თავის აივანთან..
ისეთი ქარი, რომ ქრის როგორიც მხოლოდ სოფელში შეიძლება იყოს
და ისე, რომ 
გესმის როგორც ბავშვობაში გესმოდა, წლების წინ.
დედასთან, რომ მიდიხარ და ხელჩაკიდებულები იძინებთ.
მამა, რომ მოდის დაღლილი და იმის ფეხის ხმაზე გეღვიძება.
ძმები, რომ გაიზარდნენ და შენ ისევ პატარა დარჩი.
შეშა, რომ ფარდულში მიგაქვს და იმ კუთხესთან ძაღლს სძინავს შენს ძველ პალტოში გამოხვეულს..
დილით, გაჭირხლული ფანჯრების იქით 
აორთქლებული გუბეები, რომ შრებიან მიყოლებით,
სანამ ჩაის სვამ და 
ბებო გახსენდება, სულ მოხუცი
რომაა და
ხელები აქვს ისეთი,
შენ რომ გექნება იმის ტოლს..
დედამიწა, რომ გარეთ დარჩათ წვიმაში
და დალბა..
ყველაფერი რაღაცას ნიშნავს, იქ სადაც 
ჩვენი სიტყვები
ჰგვანან ყინვაში გაწმენდილ ჰაერს.
დანარჩენები იტყუებიან სულ და
ჩვენ მხოლოდ 
ამინდის პროგნოზს ვიგონებთ - 
დღევანდელი მონაცემებით მზე და 18 გრადუსი სითბოა,
თუ თვალებს დავხუჭავთ და არ დავინახავთ, რომ
წვრილად დაუწყია თოვა..
ისინი ლაპარაკობენ თავიანთ უსაზღვრო შესაძლებლობებზე 
და ჩვენ უბრალოდ ეზოს ვგვით, რომ
სხვის მაგივრად დავიღალოთ.
რაღაცას ნიშნავს, 
როცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გვთხოვენ 
ადგილიდან დავძრათ მთები,
ცხრაჯერ დავკეცოთ გზა,
ერთ დღეში გამოვიაროთ ორი დღის გასავლელი..
რაღაცას ნიშნავს,
კედელზე მიკრული ხაზები,
მაგიდაზე გაშლილი ჩირი,
ოთახში გამოსული კვამლი.
ხმა, რომელიც დაძინების წინ გესმის ჭერიდან.
ადამიანები, რომლებიც გაძლევენ შემწვარ ვაშლს და უფლებას იყო სუსტი..

..
სადაც არ უნდა წავიდეთ,
ვისაც არ უნდა შევხვდეთ,
როგორც არ უნდა მოგვეწონოს 
სხვა,
სხვები,
სხვაგან..
არაფერი არ იქნება იმაზე მეტი
ვიდრე 
ვართ ჩვენ -
ხალხი, რომელიც ვსხედვართ ერთმანეთის გვერდით,
ძველი იატაკის გარშემო და
ვიგონებთ ყველაზე არარსებულ
ამინდებს რიგრიგობით..
რაღაცას ნიშნავს, ყველა 
წვრილმანი მათთვის, ვინც გველოდება
და
ყოველთვის უნდა
გვახსოვდეს სახლი,
რომლიდანაც მოვდივართ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი