მუხრან ხუციშვილის დაკრძალვის პროცესია


შენი სიკვდილი ჩამესმა ყურში,
გული გაგლიჯა საჟაკნე ტყვიამ,
ბევრის სიკვდილის ვარ ბაიბურში,
ბევრის სიკვდილი არც შემიტყვია,

ჯერ კიდევ ისევ აგვისტოს თვეა ,
გულში ბობოქრობს ზამთრის ავდარი,
შენა ხარ,ჩემთვის პირველი ტყვია,
შენა ხარ ჩემთვის პირველი მკვდარი,

ამაზრზენია ბაგეთა შეხლა,
ნეტავ არ ვიყო ცხადის მნახველი,
როგორ არ მინდა წარმოვსთქვა ეხლა
სიკვდილთან ერთად შენი სახელი,

შენ დამიბერე ძარღვი და ვენა,
შენ დამიგლიჯე ნერვი ყოველი,
შენ გამიღვიძე გრძნობები ქვენა,
ამაღრიალე,როგორც ცხოველი,

არსაიდან ხსნა, არსაით შველა,
სასოწარკვეთით კვნესის მნახველი,
ცოდვით ცახცახებს ეზოში ნელა,
დედის ცრემლივით მწარე ძახველი,

ახალგაზრდობა სანთლებით ხელში
რიგი -ანთებულ ციცინათელად,
მიგაცილებენ ცივ სამარეში,
სადაც დღემ ღამე ვერ გაათენა,

აგწიეთ მაღლა ტაატით ნელა,
დედის ცრემლებით დამძიმებული,
თითქოს ჩვენ არა,თავად მიღელავ,
უცხო ხომალდში ჩაძინებული,

და ვით ხომალდებს თეთრი ბოლქვები,
კუბოს დასცვივა თაიგულთ წყება,
და ქარიანში ყვავილთ როკვებით
მრავალწერტილად წამოიწყება,

მიცურავს კუბო ნისლების დაღმა,
კორდს იქით შდის სვენებ-სვენებით,
ამქვეყნიური მეჩვენა წარღვნა-
ვარდის უიღბლო აღმოცენებით,

გაცილებს დედა ვარდისფერ გზაზე-
მტირალი გედი ფრთაჩაწყვეტილი,
შენი სიცოცხლეც დასრულდა ასე-
ვით თაიგულთა მრავალწერტილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი