წერილი მამას, რომელმაც ვერ მოასწრო მამობა. წერილი შვილისგან, რომელმაც ვერ მოასწრო შვილობა.


ყველას ჩვენი ისტორია გვაქვს,ჩვენი სახელებით,რიცხვებით,სუნებით აღქმული და მიბმული იმ მოვლენებთან,სადღაც ღრმად მოგონებების ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ყველაზე შორს და ღმრად შენახულ ყუთში რომ ინახება.ზოგჯერ იმდენად მიჭირს კიბის შემოტანა და ასვლა,რომ მივწვდე.ზოგჯერ,ისე განსაკუთრებულად შემოივლის ნაცრისფერი შიშის სუნი მთელს სხეულს და შემახსენებს,რომ სიმაღლის მეშინია.დღეს განსაკუთრებულად.ვეღარ ვახერხებ ყუთი გადმოვიტანო და თუ არ გავხსნი,შიგნით ცალი თვალით მაინც თუ არ ჩავიჭყიტავ,მტვერი მაინც გადავწმინდო და სუფთა დავაბრუნო უკან.გადავეჩვიე ხმოვნების და თანხმოვნების შეკოწიწებას სიტყვის სათმელად „მამა“ და ყოველ ჯერზე,როდესაც აეწყობიან იმდენად მეუცხოვებიან,თითქოს შვილობის ეს ნაწილი ამომგლიჯეს.ამომგლიჯეს დაუკითხავად და გადააგდეს.გადააგდეს იქ,სადაც ცოცხალი არავინ ჩადის.სადაც ჩემი ხმა ვერ წვდება.სადაც სულ სიცარიელე,ვაკუუმია.წნევაც არ მიწყობს ხელს.წარმოთქმული ბგერების წყობა,სიტყვად ქცეული,გაფანტოს და გააცოცხლოს.
  არ მინდა ვიფიქრო,რომ წამში თვალების დახუჭვით მთავრდება სიცოცხლე. არ მჯერა,რომ ოთხი ცივი,ხორკლიანი ბეტონის კედელი დაგიტევდა.არ მინდა ვიფიქრო,რომ დამთავრდი,უბრალოდ წყვდიადში ჩაიკარგე.მე აქ ვარ,ვზივარ და ვწერ შენზე.იქნებ,შენ სადღაც იქ ზიხარ და მიყურებ,რას,როგორ ვწერ ისევ შენზე.უყურებ,როგორ ვაგრძელებ სიცოცხლეს.სიცოცხლეს შენს შემდეგ.უსამართლობაა,შენ შეგეძლოს მხედავდე და ჩემთვის შენი არსებობა საკუთარი ირეალური სამყაროს ნაწილი იყოს.ვერ მოვასწარით წვიმიან,ან თუნდაც,მზიან ამინდში ყავის ერთად დალევა,ლაპარაკი და შენი მოცემული რჩევების მოსმენა.არ ვიცი,რამდენად მოგწონს ის მე,რომელიც ახლა ვარ.ისიც არ ვიცი,როგორი ვიქნებოდი,რომ ყოფილიყავი ჩემი ნაწილი.მხოლოდ ერთი რამ ვიცი,მაქვს ფუფუნება დილით გავახილო თვალები და სწორედ ამიტომ,არ მაქვს უფლება არ ვიარო.მერე რა თუ გზა ნისლიანია და ვერაფერს ვხედავ?! მერე რა თუ ქვას ფეხს წამოვკრავ და წავიქცევი?! ხო,გავიზარდე და ახლაც არ მიყვარს ფეხქვეშ დახედვა.ქვემოთ ყურება არასდროს მიყვარდა.მაშინებდა და მაშინებს მიწისკენ დახრილი თვალები.არა და რომ გაიმართები ადამიანი წელში,თავს მაღლა აწევ,ცას ახედავ,ფილტვებს აივსებ,ხარბად დაეწაფები ჟანგბადს,მწყურვალი კაცივით და ხვდები - ხვდები,რომ შენს სიცოცხლეს აზრი აქვს.სატარებელი ჯვარი,წელში გამართულმა უნდა ზიდო და გოლგოთამდე ჯერ კიდევ შორია.არ ვიცი,უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს,“ფინიშამდე“ ადრე მისვლა.სასაცილოა.პირველობა გიყვარდა და ხაზამდე სწორედ შენ მიხვედი ყველაზე ადრე.ყოველ დღე ძველი ტკივილი იზრდება და დიდდება.თითქოს,რაც უფრო გადის დრო უნდა დაპატარავდეს და გაქრეს.ისიც რა ჯიუტია.მასაც უნდა სიცოცხლე.ხო,მე ჩემი თავი და ტკივილი ვსწავლობთ ერთად თანაცხოვრებას.ერთად ვიზრდებით,რაც უფრო გადის დრო.არა,არ ვწუწუნებ.გიყვები.თუმცა მეფიქრება, ეს ყველაფერი უკვე იცი. 
  ჩემთვის ისევ ის წვერებიანი მამა ხარ,რომ მომეპარებოდა და მკოცნიდა.მე ისევ ის გოგო ვარ,სულ სახეს,რომ მალავდა და განუწყვეტლივ ტიტინებდა „მცუცხავს“.ყოველი გაქცევის და დამალვის შემდეგ,მომწონდა,ჯიუტად,რომ მომსდევდი სანამ არ დამიჭერდი.უკან არც კი ვიხიდებოდი იმის შესამოწმებლად მომყვებოდი თუ არა.სულ ასე იყო.ასე იქნებოდა მეგონა.ახლა არსად აღარ გავრბივარ.აღარ არის ნაცნობი ჩრდილი,რომ ამედევნოს.
  ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელია.მე ალბათ ცოტათი შეცვლილი.ოდნავ გამაღლებული,მიუხედავად ზაფხულისა,თეთრი კანის ფერითა და  რიჟა თმებით.ისიც არ ვიცი,მოგეწონებოდა თუ არა ჩემი თმები.და რაც მთვარია უცვლელი ღიმილით - ჩემში შენს თავს რომ აცოცხლებს,იმ რძიანი ღიმილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი