რა იქნებოდა, ჩვენც რომ ტკბილს ვამბობდეთ, მწარეს კი ვერა


მთელი წელი ამ საღამოსთვის ემზადებოდა  სტუდენტი. ერთი წლის ნაგროვები ოცნებებით ახლა რეალობის მოლოდინში იყო. ისეთი პოზა მიეღო, თითქოს ნახტომისთვის ემზადებოდა.

    სტუდენტური შეკრება იყო. მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენდნენ და მასთან საკუთარ მეს. მეოცნებე  გიტარით უნდა გამოსულიყო და ემღერა.

    დარბაზში კრიტიკას რა გამოლევს, მაგრამ ერთი შემფასებელი განსაკუთრებით სახიფათოდ ეჩვენებოდა. მოსწონდა ის გოგო. მერა რა, ოცნებას თუ უფრო წააგავდა, ვიდრე რეალობას. მისთვის იმღერებდა, ამაზე ლამაზი რეალობა რაღა უნდა ყოფილიყო. გრძნობდა ტრამპლინი ორმაგად იზრდებოდა.

    ახლა როცა უნდა გამომზეურებულიყო, მიხვდა, რომ ეს უბრალოდ ერთი წელი არ ყოფილა, გაცილებით დიდხანს გრძელდებოდა. აკი, ბავშვობიდან ოცნებობდა, სხვა ადამიანებსაც გადადებოდათ მის სხეულში დაუბმელი ემოციები, სიმღერის დროს ანცი ბავშვებივით რომ დახტოდნენ.

    ხოდა როცა დრო დადგა და ბავშვობიდან უცებ ამ სცენაზე გადმოირბინა, წამიერად იგრძნო, რომ ის უწყინარი ემოციები დარბაზში მსხდომთ დაეფრთხოთ. ანცი ბავშვები ჯერ გაჯიუტდნენ და მერე სულაც გაქრნენ. ოცნებით გაზრდილები მკაცრმა რეალობამ დასაჯა ისინი. დატოვენ  ფეთქებადსაშიში დარბაზის ეულ მეოცნებე. დარბაზში  ორი დამფრთხალი ბგერა გაისმა. მიწყდა. ორმა ისეთმა კიდევ გაიბრძოლა და შემდეგ საკუთარი ნებით დანებდნენ.

    არშემდგარ მომღერალს დანაწევრებულად მოესმა სტუდენტების ხარხარი, რადგან წამის წინ ასევე დანაწევრებულ მუსიკალურ ბგერებს მისი გულიც დასაკეპი ხორცივით დაენაწევრებინათ. სულ მალე ალბათ შესანსლავდნენ კიდეც (ცალკე ბგერები, ცალკე ირონია)

    შემდეგ განსაკუთრებით კრიტიკოს შემფასებელს იჭვნარევი შიშით გახედა. წამში ინსტიქტურად გასროლილი მზერა ისე იყო მწარე თუ ტკბილი მოლოდინით სავსე, ერთი საუკუნეც ვერ დაიტევდა. ბიჭის ოცნებებში განებივრებული გოგოს მხრიდან თუნდაც მსუბუქი თანაგრძნობა, არათუ უნივერსიტეტის დარბაზის, არამედ დედამიწის ზურგზე ყველა მოქმედი დარბაზის ხარხარს ჩაახშობდა. მათაც დაეცინათ თუნდაც. მაგრამ თანაგრძნობას რაღას ჩიოდა, ისეთი ულაგამო სიტყვები მოესმა მისგან, ეგონა ვერცერთი ჭკუათმყოფელი გონება ვერ აიტანდა. მოხარხარე სიტყვები დარბაზის ყველა კუთხეში თამაშობდნენ უკვე. მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ ყოფილა..

    წინა რიგში სცენის წინ ერთი ბიჭი არ იღებდა მარტო ხმას, მაგრამ უცნაურად იგრიხებოდა, ხმებს ყვებოდა თითქოს. პატარაობისას იგი გვარიანად შეეშინებიათ, ამიტომ გონებით ცოტას ავადმყოფობდა, ენით კი უფრო ძლიერ. იშვიათად უცნაურ, დანაწევრებულ ბგერებს წამოისროდა, სამწუხაროდ მსმენელის ყურისთვის სრულიად გაუგებარს.

    მასზე ისე მოქმედებდა დამცინავი შეძახილები, როგორც მეომრებზე ყიჟინა უწინ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ახლახანს ხელში აეტაცებიათ და აქეზებდნენ. მთელი სხეულით ცდილობდა შეერთებოდა ამ უცნაურ მხიარულებას. დაიძაბა, კისრის ძარღვები დაებერა, მაგრამ არათუ შეძახილი, ბგერაც კი ვერ წამოაგდო მკვდარი ხორხიდან. კიდევ ეცადა, მაგრამ ვერც ენა მოიფხანა, ვერც გული. შეურაცხყოფილი ვნების დასაოკებლად ისევ რეალურ შესაძლებლობებს მიმართა. ირგვლივ მიმოიხედა და რაც პირველად მოხვდა ხელში, ჯამბაზად ქცეული მუსიკოსისკენ მოისროლა. სამიზნეს აცდა, თუმცა მაინც მოარტყა. დარბაზის ორმეტრიანი სარკმლის შუშა მთლიანად დაიმსხვრა...
    
    ორნი დაიკითხნენ. ერთი ვერც ვერაფერს ვერ უპასუხებდა და არც ცდილა. მეორეს ყურიც არ უთხოვებია თითქოს. არც ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. "მე გავტეხეო"- ისე, უაზროდ წარმოთქვა და ყური არც თავისი სიტყვებისთვის დაუგდია. ჯარიმა გამოუწერეს, მაგრამ სასაცილოდაც არ ეყო. ცოტა ხნის წინ ისე საშვილიშვილოდ დააჯარიმეს, ამათ არც დაესიზმრებოდათ.
    
    მეორე  დღეც  გათენდა. სიცოცხლე ლაღად გაწოლილიყო ჰაერში  და ნებივრობდა. მუსიკოსი-"ჯამბაზი" ხიდზე იდგა და სამუდამო ტრამპლინისთვის ემზადებოდა. თვითმხილველმა შენიშნა. უნდოდა შეეძახა, მაგრამ ენით დაებათ ისე, როგორც მაშინ "ტკბილი" სიტყვების წარმოთქმას რომ ცდილობდა. სინდისი ისე დაწრიალობდა, როგორც გულსაკლავად დაწელილი ჭიები. ოღონდ ახლა ეთქვა რამე  და თავის ცხოვრებაში აუგს არ იტყოდა არავისას. მაგრამ უკვე გვიან იყო. მეოცნებე, ოცნებებთან ერთად უფსკრულისკენ მიემართებოდა...

    შუაღამე იყო, უჩვეულო მღელვარებამ რომ გააღვიძა ქალი. თითქოს ხილვა ნახაო, რაღაც ღვთაებრივი ჩაესმა ძილში. წამოხტა. წამში გაჩნდა ავადმყოფი შვილის საწოლთან. დიდი ხნის წინ ენადაბმულს სამ სიტყვას აბოდებდა:

    - არ გადახტე გეხვეწები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი