ოაზისი


სულგამომშრალი უდაბნოდან მიმზერს ეპოქა,
ალბათ ჩემში თუ ეგულება მწვანე წალკოტი.
რადგანაც წყალი იმდენი მაქვს, ყველას ეყოფა,
ისე უზომოდ მოვიხმარ, თან, როგორც ნარკოტიკს.

გზის დასაწყისში, აყოლილი რაღაც მირაჟებს,
ხან სქესს ვიცვლიდი, ხან კანის ფერს, ხან ეროვნებას.
სულ ყველაფერი მივიღე, რაც მიმარიაჟეს,
ვიცავდი მხოლოდ გულს და სულის ჰაეროვნებას!

და სწორედ გული მაბრუნებდა მთავარ ბილიკზე,
და სწორედ სული მიმათრევდა ძალაგამოცლილს,
წვას უმატებდა, როცა, სინდისგარეცხილი მზე,
როცა დაქროლვა უნდებოდა, ყველა ქარს, მოცლილს.

და მე შევქმენი გადარჩენის ზუსტი ნიმუში,
მე, ჩემმა გულმა, ჩემმა სულმა - ანუ სამებამ.
სქესი, კანი და ეროვნება ნებას მივუშვი,
რის სანაცვლოდაც მოვიპოვე, მე, უკვდავება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი