სიზმარი
სიზმარი, რომელიც მინდა რომ გიამბოთ, მე არ დამსიზმრებია... არ ვიცი, საიდან მახსოვს იგი, ვინ მომიყვა, ანდა როდის... უბრალოდ, ვიცი, რომ არსებობს ასეთი სიზმარი, რომელიც ზოგჯერ ისე ცხადად წარმომიდგება ხოლმე თვალწინ, თითქოს მე თვითონ დამსიზმრებოდეს და მისი მთავარი პერსონაჟიც მე ვყოფილიყავი: შუაღამეა, დავიარები ერთ ძველისძველ, მიტოვებულ სასაფლაოზე... საფლავის ქვები ხშირი ხეების ტოტებით, ბუჩქებითა და ბალახით არის დაფარული... მოსჩანს მხოლოდ მარმარილოს ანტიკური ქანდაკებები, მთლად ჩამოშლილი და ჩამორღვეული... ირგვლივ გამეფებულია უკაცრიელი მდუმარების რაღაც მიუწვდომელი ჰარმონია, რაც საოცარ სიმშვიდეს მანიჭებს... ამ სიჩუმეს დრო და დრო უცნაური ხმები არღვევს, ისინი ზოგჯერ ქალის მოთქმას ემსგავსება, ზოგჯერ კი -სიცილს, თუმცა არანაირი შიშის შეგრძნება არა მაქვს... დავდივარ ჩემთვის ჩუმად, ვათვალიერებ თვითოეულ საფლავს... თითქოს უჩვეულო არაფერია-ძველი წარწერები საფლავის ქვებზე ძლივს იკითხება... ვაკვირდები მათ და ერთი უცნაური რამ მაოცებს-ყველა საფლავზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები მეტისმეტად მცირე დროითაა ერთმანეთისგან დაშორებული... შუალედები ამ თარიღებს შორის ზოგიერთი საფლავის ქვაზე სულ რამდენიმე თვეს წარმოადგენს, ზოგიერთზე შუალედი ორი წელიწადია, ზოგან -ხუთი, ზოგან -ათი წელი. (ასე მაგალითად: 1776-1778; 1850-1855; 1900-1910.) ყველაზე ხანგრძლივი შუალედი-ოცი წელიწადი ( 1938-1958) კი- მხოლოდ ერთ საფლავზე ვნახე... -რა ცოტა ხანს უცოცხლიათ ამ საბრალო ადამიანებს!-გავიფიქრე ჩემთვის.-ნეტავ, რა ქვეყანაა ეს, სადაც სიცოცხლე ასე ხანმოკლეა?- უცებ, შორიახლოს შევნიშნე ერთი ღრმად მოხუცებული, წელში მოხრილი, სულ გადათეთრებული კაცი...- ალბათ, მესაფლავეა-გავიფიქრე... და ვეკითხები მე ამ მესაფლავეს-კი, მაგრამ შენ თუ ამდენ ხანს ცოცხლობ ამ ქვეყანაზე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვისი საფლავებითაც სავსეა ეს სასაფლაო? რატომ იყო მათი სიცოცხლე ასე ხანმოკლე? -და მან იცით, რა მიპასუხა? -ამ საფლავების ქვებზე ამოტვიფრული თარიღები ადამიანის დაბადებასა და გარდაცვალებას როდი აღნიშნავს?! არა, ამ თარიღებში ადამიანთა სიცოცხლის მხოლოდ ის ნაწილია დატეული, როცა თვითოეულმა მათგანმა ნამდვილი სიყვარული განიცადა და ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანი, ყველაზე ერთგული მეგზური და მეგობარი ჰყავდაო გვერდით. -და მესაფლავემ დაამატა- ნამდვილი სიცოცხლე ხომ სწორედ სიყვარულში გატარებული წუთები, დღეები, თვეები და წლებია მხოლოდ... -იცი, ამ ადამიანთაგან ყველა გარდაცვლილი როდია? ამ სასაფლაოზე სადღაც მიკარგული ჩემი საფლავიც არის, ოღონდ აღარ მახსოვს, სადაა...დღემდე დავეძებ და ვერაფრით ვერ მიპოვნია ჩემი საკუთარი საფლავიო...-ასეთი რამ მითხრა მესაფლავემ... და ასე მთავრდება ეს სიზმარი... 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი