ის და მარტოობა
ადრე ეგონა, რომ ის მარტო არასდროს იყო, მან არ იცოდა, რა არის მარტოობა… ერთხელ კი, როცა ძალიან გადაღალა ირგვლივ მყოფთა მონოტონური, ძალზე გაუცხოებული ფრაზების მოსმენამ, გადაწყვიტა მარტოობისთვის კარი თვითონ გაეღო, როცა მან კარზე დაუკაკუნა. თუმცა ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა, მაინც ეგონა, რომ მარტოობა მასთან დიდხანს არ გაჩერდებოდა და სულ მალე დასტოვებდა. ის კი წლებია უკვე, რაც ჩაუსახლდა, ვით „ალალი ბიძაშვილი“. ქუჩაშიც ვერ გააგდებდა, ის ხომ, როგორც თოთო ბავშვი, ისე მიეკედლა მას. თავიდან ეცოდებოდა კიდეც, მაგრამ მარტოობამ ძალიან მოაბეზრა თავი. ბოლოს გადაწყვიტა-მე თვითონ წავალ სახლიდან და მარტოობას მარტო დავტოვებო.-თუმცა სადაც წავიდა, ის ყველგან თან გაჰყვა. მოკლედ, თავიდან ვერაფრით ვერ მოიშორა… სხვა რა გზა იყო?! შეეგუა იმ აზრს, რომ მარტოობა მისი განუყრელი თანამგზავრი იქნებოდა და დაუმეგობრდა მას. ახლა უკვე ერთად უყურებენ ფილმებს, ერთად კითხულობენ რომანებს, ერთად სხედან კაფეში ის და მარტოობა. შეეჩვია კიდეც და იცით, ამის შემდეგ ის თითქოს მარტო აღარ არის, ჰყავს საუკეთესო მეგობარი-მარტოობა… 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი