ნიღბების კოლექციონერი
ჩვენ ყველას, ყველას გვჭირდება ჩვენთვის ძვირფასი და ახლობელი ადამიანები, გვჭირდება მეგობრები, რადგანაც ისინი ჩვენი სარკეები არიან (რა თქმა უნდა, ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით)... სასურველი სარკეები... და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია... სწორედ ამ სარკეებში ვჩანვართ საუკეთესო რაკურსებიდან, სწორედ მათში ირეკლება ის, რაც ჩვენში საუკეთესოა (სულიერი თუ ფიზიკური თვალსაზრისით), რითაც ვამაყობთ, თავს ვიმკვიდრებთ ამ ქვეყანაზე... და ბოლოს, რისთვისაც გვიყვარს ჩვენი თავი... ამ სარკეებიდან კი ყველაზე, ყველაზე გამორჩეულია ის, სარკე, რომელიც საყვარელ ქალსა ანდა მამაკაცში განსხეულდება... მაგრამ ყველას როდი უმართლებს და პოულობს ასეთ სარკეს ცხოვრებაში თავისი განუყრელი მეგზურის სახით?!... ამქვეყნად არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ჩვენთვის არასასურველ სარკეებს წარმოადგენენ, რადგან ამ სარკეებში როდი ვჩანვართ ლამაზები და ნიჭიერები, აქ ყველაფერი პირიქითაა... ამიტომ გავურბივართ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი... მათ გვერდით საკუთარი თავი ნაკლებად გვიყვარს... * ამასთან დაკავშირებით მინდა, გიამბოთ ერთი უცნაური ქალის ისტორია... და ეს ისტორია დღემდე გრძელდება... არის ერთი ქალბატონი, ვინმე სახელად ნ. (თუმცა, მე ის არასდროს მინახავს, მისი მიახლოებითი ასაკიც კი არ ვიცი, მხოლოდ სხვებისგან გამიგია მის შესახებ), რომელზეც ამბობენ, სულ მარტო ცხოვრობსო. ის ძალზე მარტოსულია და ჩაკეტილი... ყოველთვის თავს არიდებს სხვებთან ურთიერთობას... მისი თითქმის არავის ესმის... მან თავის ცხოვრებაში დღემდე ვერ იპოვა ვერცერთი ადამიანი, რომელიც მისთვის სასურველი (სულ ოდნავ მაინც) სარკე იქნებოდა... და მან თავისი მარტოობის სიცარიელე იცით, რით შეავსო? ის ნამდვილ კედლის სარკეს დაუმეგობრდა (დიახ, სწორედ სარკეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), იმ სარკეს, ბავშვობიდან მის საძინებელ ოთახში რომ დგას, ისეთი მაღალია, ჭერამდეც კი აღწევს... აი, სწორედ ამ სარკეში ხედავს ქ-ნი ნ. თავის თავს ყველაზე ლამაზად და მომხიბლელად... მთელს საათებს ატარებს მასთან, იმზირება სარკეში და ტკბება საკუთარი თავით, სწორედ ისე, როგორც ნარცისი ტკბებოდა საკუთარი ანარეკლით წყალში ( რადგან, ვფიქრობ, ნარცისიც მარტოსული იყო)… თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქ-ნი ნ.-ს ცხოვრებაში ბევრჯერ დამდგარა ისეთი მომენტები, როცა მას საკუთარი თავი სარკეში აღარ მოსწონებია (სულ ერთისა და იმავეს ყურებაში ადამიანი ხომ აღქმის უნარს ჰკარგავს?!) და მაშინ, სასოწარკვეთილს, სარკის დამსხვრევა განუზრახავს, ანდა მისი სახლიდან მოშორება, მაგრამ ამას მაინც ვერ აკეთებს, ვერაფრით ვერ ელევა თავის სარკეს... ნ.-ს ხომ ძალზე ენანება ის ნივთი, რომელიც მისთვის რელიქვიასავითაა... ერთხელ კი, როცა მას საკუთარი თავი სარკეში ისევ აღარ მოეწონა, ერთი გამოსავალი იპოვა, ნ.-მ ნიღბების დამზადება დაიწყო (ქაღალდისგან, ხისგან, თაბაშირისგან) და მალე იმდენი ნიღაბი დააგროვა, რომ მთელი კოლექციაც კი შექმნა... და ამის შემდეგ ის სარკეში სულ ნიღაბაფარებული იმზირება, დაუსრულებლად იცვლის ამ ნიღბებს დილას და საღამოს... ახლა უკვე ძალიან მოსწონს და უნიღბოდ ვეღარც კი წარმოუდგენია საკუთარი თავი(თანაც ის ერთფეროვანიც აღარ არის)... იმდენად, იმდენად მოსწონს, რომ ასე ჩათვალა, იქ, სარკის მიღმა თავისი გამოსახულება კი არა, არამედ ვიღაც სხვაა, უცნობი ქალი, რომელსაც სახელად ასევე ნ. ჰქვია... საუბრებიც კი წამოიწყო მასთან... ურთიერთობს ერთმანეთში ორი ნ.... ახლა ისინი მეგობრები არიან... და ცხოვრობს ასე ქ-ნი ნ. იმ ილუზიით, რომ მასაც ჰყავს ნამდვილი მეგობარი, არა, თვითონ სარკე კი არა, არც მისი გამოსახულება ამ სარკეში, არამედ -ვიღაც სხვა... და ის, რომ ეს მეგობარი მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია, ნ.-ს დიდი ხანია, გადაავიწყდა... (შესაძლოა, არც გადაავიწყდა...) უბრალოდ ასე უნდა, სჯეროდეს, რომ მარტო არ არის... მან საკუთარი თავი დაარწმუნა ამაში... მას ასე მოსწონს... ოღონდ, ხანდახან, სულ მცირე დროით, ქ-ნი ნ. რეალისტი ხდება ხოლმე და თავის ანარეკლს სარკეში ასეთ რამეს ეუბნება: -შენ არ არსებობ. შენ მხოლოდ ილუზია ხარ. საკმარისია, მოვისურვო, ეს სარკე ჩავამსხვრიო და შენც მაშინვე გაქრები. და მეორე ნ. მას ასე პასუხობს: -დიახ, მე ილუზია ვარ და სულ ადვილია ჩემი გაქრობა, მაგრამ, განა, თქვენ, ადამიანები, ეს ე.წ. ფიზიკური პირები, თვითონ არა ხართ ილუზიები?! რადგან, არსაიდან ჩნდებით და არსაით ქრებით. თქვენ ხომ უბრალოდ ერთმანეთის სარკეები ხართ და ერთმანეთის განადგურება ისევე ადვილად შეგიძლიათ, როგორც თავად სარკეებისა, საკმარისია, მოისურვოთ ეს. და ამ სიტყვების შემდეგ დუმილი ჩამოვარდება ხოლმე... მერე კი ნ. ისევ თავის ილუზორულ სამყაროს უბრუნდება... 2014 წ. P.S. რეალობაში არანაირი ქ-ნი ნ. არ არსებობს... ეს ისტორია ჩემი გამოგონილია... ამას მკითხველი, უთუოდ, მიხვდებოდა... მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამქვეყნად მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან მაგონებენ ჩემს პერსონაჟს და ეს მოკლე ჩანახატიც სწორედ მათ ეძღვნება... ისინიც, ქ-ნი ნ.-სავით, არაამქვეყნიურ არსებებს ჰგვანან და მათ სულებსაც უჭირთ არსებული რეალობის მიღება, ამიტომ თავშესაფარსა და შვებას თავიანთ ილუზიებში, ირეალურ სამყაროში პოულობენ და მხოლოდ ღმერთმა თუ იცის, რა საზღაურის გადახდა უწევთ მათ ამისათვის... თუმცა, კაცმა რომ თქვას, რომელი უფრო ილუზორულია, სარკის აქეთ არსებული რეალობა თუ სარკისმიღმა, ირეალური სამყარო, ესეც საკითხავია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი