ფიქრები სრულყოფილებაზე (ესსე)


ფიქრები სრულყოფილებაზე

    ჩვენ ხომ ორივეს მოსჯილი გვაქვს განახევრება კაცად და ქალად...-ასე იწყება ერთი უცნობი ლექსი...
                                                                          *
   ამბობენ, ოდესღაც ქალი და მამაკაცი ერთი მთლიანი არსება იყოო...  ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის ადამიანი არასრულყოფილი… ამიტომ დაეძებს იგი გამუდმებით თავის მეორე ნახევარს, ურომლისოდაც სიცოცხლე, თითქოს, სისავსესაა მოკლებული... ამიტომ ელტვიან მუდმივად ქალი და მამაკაცი ერთმანეთს, რათა შეავსონ ერთმანეთი და თავი სრულყოფილ ერთარსებად იგრძნონ...
   ჩემის აზრით, ცალ-ცალკე ქალი და მამაკაცი სამყაროს სრულყოფილად, სრულფასოვნად ვერასდროს ვერ აღიქვამენ... მგონია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მომენტებში ხდება, როცა თვითოეული ადამიანი ერთდროულად ქალის თვალებითაც ხედავს და კაცის თვალებითაც, სწორედ მაშინ შეიძლება ჩაწვდეს იგი სამყაროს ნამდვილ არსს, მის თითქმის მიუწვდომელ ჰარმონიას... მაშინ, როცა სიყვარულია...როცა ორი არსება ერთმანეთს ერწყმის (რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ფიზიკური გაგებით), როცა ისინი ქვეყნიერებას ერთმანეთის თვალებით ისიგრძეგანებენ... ქალი ამ სამყაროს საყვარელი მამაკაცის თვალებით უმზერს, კაცი კი საყვარელი ქალის თვალებით აღიქვამს ყოველივეს ... ასე ხდება, როცა დედა საკუთარი ვაჟიშვილის თვალებით იმზირება, მამა -ქალიშვილის თვალებით... იგივე შეიძლება ითქვას უანგარო, მეგობრულ სიყვარულზე და ასევე მოყვასის სიყვარულზე...
  სწორედ სიყვარული გვჩუქნის ბედნიერებას, აღვიქვათ სამყარო ისეთად, როგორიც არის             - სრულყოფილად...
  და კიდევ ერთი რამ გვანიჭებს ამ ბედნიერებას-ნამდვილი ხელოვნება... როდის? როცა მწერალი (მამაკაცი) თავის მიერვე გაცოცხლებული პერსონაჟი ქალის თვალებით დაინახავს, სწორედ ისე, როგორც გუსტავ ფლობერი ხედავდა სამყაროს მადამ ბოვარის თვალებით... გაბრიელ გარსია მარკესი-ამარანტას თვალებით...
  როცა მხატვარი (მამაკაცი) ჯერ სულს შთაბერავს თავის მიერვე ტილოზე გამოსახული ქალის პორტრეტს და მერე მისი თვალებით დაინახავს... როგორც ტიციანი ხედავდა თავის მიერ შექმნილი ვენერას თვალებიდან... რემბრანდტი კი-სასკიას თვალებიდან...
  როცა კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი ჟულიეტა მაზინას მიერ განსახიერებული პერსონაჟების თვალებით უმზერდა ამ ცხოვრებას...
  


  ქალისა და მამაკაცის საწყისების ერთიანობა, მათი ჰარმონიული ურთიერთშერწყმა (არა მარტო ფიზიკური გაგებით)-აი, ეს არის ცხოვრების სისავსე, სრულყოფილება-ბედნიერება, რისი განცდაც, ალბათ, სულ რაღაც წამებშია შესაძლებელი...
 ორი რამ გვანიჭებს ამქვეყნად სრულყოფილების განცდას-სიყვარული და ხელოვნება... მათ გარეშე კი ყოველივე ფუჭი მგონია ამ სამყაროში და ეს ცხოვრება, მართლაც, აღუვსებელ საწყაულს ემსგავსება...
  ჩვენ ბედნიერების განცდა, ალბათ, მხოლოდ წამებით თუ გვეუფლება და მერე  ვაგროვებთ ამ წამებს მთელი ცხოვრების განმავლობაში... მთლიანად ერთი საათი მაინც თუ გამოდის? მგონია, რომ არა, მაგრამ მაინც უნდა დავჯერდეთ ამ წამებს, დავტკბეთ მათით... ვფიქრობ, სწორედ ამაშია, „წუთისოფლის“-„წამისოფლის“ მთელი ფილოსოფიაც...
   არ მეთანხმებით?..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი