ნუთუ ასე ძნელია, იყო ბედნიერი? (ესსე)
ნუთუ ასე ძნელია, იყო ბედნიერი? „მე ვარ სამყაროს ცენტრი!“-ალბათ, ყველასთვის ნაცნობია ეს, ცოტა არ იყოს, ოდიოზური გამონათქვამი და, საკმარისია, ვინმემ იგი სრული სერიოზულობით წარმოთქვას, რომ ის პიროვნება მაშინვე ირგვლივ მყოფთა დაცინვის საგნად გადაიგცევა...და, რბილად რომ ვთქვათ, მას არაადექვატურ ადამიანად ჩათვლიან... „მე ვარ სამყაროს ცენტრი!“-მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ჩემთვის ამ ფრაზაში არის ჭეშმარიტების რაღაც მარცვალი, რადგან ყოველი ადამიანი, გარკვეული გაგებით, მართლაც სამყაროს ცენტრს წარმოადგენს... ცენტრს იმ სამყაროსი, რომელსაც თავად ქმნის (ხედავს ანუ ქმნის)... და სინადვილეში სამყაროების რაოდენობა უსასრულოა...ისევე უსასრულო, როგორც ამ ქვეყანაზე უკვე მოვლენილ და ჯერ კიდევ მოსავლენ ადამიანთა რიცხვი,.. რამეთუ, იბადება რა, ადამიანი თვალის ახელისთანავე, სიცოცხლის პირველივე წამებიდანვე სამყაროს ისეთს ხედავს,ისეთ ფერებში, როგორადაც მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია დაინახოს... მისი უნიკალური თვალთახედვის-თვალების წყალობით, რომლებიც ერთგვარ პრიზმებს (ბროლის პრიზმებს) მოგვაგონებს... და თითოეული ადამიანის პრიზმა განუმეორებელია თავისი აგებულებით... და რაც უფრო რთული აგებულებისაა ეს პრიზმები, რაც უფრო მრავალწახნაგოვანია შინაგანად, რაც უფრო თვალისმომჭრელია, მით უფრო ღრმაა და საინტერესოა თავად ეს ადამიანიც და ასეთივეა მისი მრავლისმეტყველი თვალებიდან-პრიზმებიდან- დანახული სამყაროც... დიახ, განუმეორებელია ყოველი კონკრეტული ადამიანის სამყარო-მის მიერვე შექმნილი სამყარო, რამეთუ თავად ეს ადამიანი არის უნიკალური... რა ბედნიერებაა, ხედავდე ცას, ბალახს, ნაკადულს ისეთს, როგორიც მხოლოდ შენ, ერთადერთს, შეგიძლია დაინახო! რა ბედნიერებაა, ყოველ მომენტში ხედავდე ახლებურად, რადგან შენ, ადამიანი, ყოველ წუთსა და წამს იცვლები... აღარ ხარ ის, ვინც იყავი გუშინ, თუნდაც ერთი წუთის წინ... შესაბამისად იცვლება შენი ხედვაც, შენი სამყაროც (ეს სამყარო)... რა ბედნიერებაა, ყოველ მომენტში ხედავდე ახლებურად, ყოველთვის შეგეძლოს გაოცება, სწორედ ისე, როგორც ეს შეუძლია პატარა ბავშვს, როცა ის ახალ რაღაცას დაინახავს... და ჩვენც, ზრდასრული ადამიანები, სინამდვილეში ხომ ჩვენც ბავშვები ვართ... ის "უმანკო ბავშვები", რომელთა არსებობა, შესაძლოა, აღარც კი გვახსოვს, რადგან უკვე დიდი ხანია, ისინი საკუთარ წიაღში, სადღაც ბნელ კუნჭულში გვყავს გადამალული, სხეულის რაღაც უხილავ გარსში გახვეული ისე, ისე ღრმად, რომ ლამისაა დავახრჩოთ ეს საბრალო არსებები... და თითოელი ჩვენთაგანი ფაქტიურად (ასაკისდამიუხედავად) მაინც იმ „გულუბრყვილო ბავშვად“ რჩება, ერთი ძალიან ცნობილი მწერლის, ერთ ძალზე საოცარ პერსონაჟს -„იდიოტს“ -რომ წააგავს, ანდა საბრალო და ცოტა უცნაურ ჯელსომინას რომ მოგვაგონებს ფელინის ერთი ფილმიდან... ყოველ ადამიანში ხომ სწორედ ისეთივე ბავშვი იმალება, გაბრიელ გარსია მარკესის მიერ გაცოცხლებული(სულ მცირე დროით გაცოცხლებული) ნაჭრის თოჯინასავით რომ აოცებს, ახარებს ირგვლივ ყველაფერი,.. მან, ჩვენგან განსხვავებით, იცის, თუ როგორ შეიძლება სულ უმნიშვნელო (ჩვენთვის უმნიშვნელო) რაღაცითაც იყო ბედნიერი და თუნდაც შოკოლადის ნაყინის ხსენებაზე განიცადო ის დიდი სიხარული, რასაც ნამდვილი ბედნიერება ანუ არსებობის ბედნიერება ჰქვია... და ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს, სულ გვავიწყდება, რომ ჩვენც ბავშვები ვართ-დიდი ბავშვები... ანდა, შესაძლოა, არც გვავიწყდება, უბრალოდ გამუდმებით გავურბივართ მათ, ვსჯით, ვმალავთ (თუ ვემალებით?) ჩვენს ე.წ. „პერსონებში“... გვინდა, ჩავკეტოთ,... ზოგჯერ საერთოდ გავაქროთ,... მოვკლათ კიდეც... არ გვინდა, (არაფრისდიდებით) საკუთარი თავი ამ „ბედნიერ არსებებთან“ გავაიგივოთ... რატომ?... გვეშინია და იმიტომ... რატომ გვეშინია?... ხომ, შეიძლება, ეს „არსება“ უცებ შენი სხეულიდან ამოხტეს და შენს „პერსონას“ (პატივსაცემს?) მთლიანად დაეუფლოს, საკუთარ თავზე კონტროლი სულ დაგაკარგვინოს და ამის შედეგად, „იდიოტისა“ არ იყოს, სხვების დაცინვის საგნად გადაიქცე... გეშინია, ო, როგორ გეშინია ამის!.. არადა, სწორედ ამ „უმანკო არსების“ წყალობით გაქვს შენ, ადამიანს, საკუთარი თვალთახდვა, უნიკალური პრიზმები-ფერთა აღქმის განუმეორებელი უნარი... და ამ ხედვის გარეშე, ხომ, მთელი სამყარო, ყველაფერი ირგვლივ ერთფეროვანი და მხოლოდ ნაცრისფერი ხდება... ალბათ, ამიტომ არის, რომ აღარ გეუფლება ნამდვილი ბედნიერების (არსებობის ბედნიერების) განცდა... * ამ თემასთან დაკავშირებით მინდოდა, თქვენთვის მომეთხრო ერთი ცნობილი ქალბატონის, მარტოსული ნ.-ს შესახებ. თუმცა, მე ამ პიროვნებას პირადად არ ვიცნობ, ჩემი თვალით არასდროს მინახავს, მასზე ბევრი არაფერი ვიცი, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა ასაკისაა (მიახლოებითაც კი)... უბრალოდ, როგორც მიამბეს, ნ. ჯერ კიდევ მარტო ცხოვრობს... და ისიც გავიგე, რომ მან საკუთარ თავში დიდი ხანია, გადამალა და დასჯილი ჰყავს ის არსება-ბავშვი, ვისი თვალებითაც მოევლინა ნ. ამ ქვეყანას და ვისი თვალებითაც დაინახა მან ეს სამყარო... ნ.-ს ძალიან ეშინია ამ ბავშვის... მიზეზი კი, ალბათ, ისევ ის არის- არ გახდეს ნ. (არაფისდიდებით არ გახდეს) ირგვლივ მყოფთა (შესაძლოა საკუთარი „პერსონისაც“) დაცინვის საგანი... დაცინვის კი მას ისე ეშინია!.. ო, როგორ ეშინია!... მთავარი კი ამ ყველაფერში ის მგონია, რომ ქალბატონი ნ. არ არის ბედნიერი და არც არასოდეს ყოფილა (თუ არ ჩავთვლით მის ბავშვობას)... მისთვის ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერია, ერთფეროვანი (ანუ ერთი ფერის)... და იცით, რა? მისთვის ერთი ფერისაა არა მხოლოდ საგნები, ყველა სულიერი და მათ შორის „ადამიანებიც“ ნაცრისფერია... და ქალბატონი ნ.-ს აღარ აინტერესებს (აშინებს კიდეც) ნაცრისფერი ადამიანები... ისინი მისთვის უცხონი გახდნენ... და ამიტომ სურათების ჩარჩოები, რომლებითაც სავსეა მისი ოთახის კედლები (ნ.-ს უყვარს დეკორატიული ჩარჩოების შეგროვება), ცარიელია... რადგან მან არ იცის, ვისი თუ რისი სურათები ან ფოტოები მოათავსოს მათში... სწორედ ამიტომ, როცა ნ. დაუყვება ხოლმე საკუთარი ოთახის (საკმაოდ დიდი მოცულობის ოთახის) კედლებს და ათვალიერებს ჩარჩოებს, უნდა თავის წარმოდგენაში მაინც გააცოცხლოს ფერადი, განსხვავებული სახეები, მაგრამ ამაოდ, ვერაფერი გამოსდის... და რადგან საერთოდ ადამიანები ნ.-სთვის უცხონი არიან, ყველა შემხვედრს-ნაცნობს თუ უცნობს, დიდს თუ პატარას ეს ქალბატონი მხოლოდ „თქვენობით“ მიმართავს („თქვენობით“ ანუ ოფიციალურად)... თვით იმ მეზობლის ექვსი წლის გოგონასაც, სულ ნაჭრის თოჯინა რომ ჰყავს გულზე მიხუტებული, მასაც „თქვენობით“ მიმართავს, მაშინ, როცა პატარა ნ.-ს კარზე მიუკაკუნებს ხოლმე და ასე ესალმება- -გამარჯობა, ნ.! როგორ ხარ? არ მოგენატრე? ის კი პასუხობს- -კარგად, გოგონა. და თქვენ? თქვენ როგორ ბრძანდებით? ოღონდ არ გვინდა fამილიარობა!.. -რაა? არ მესმის, რას ამბობ... შეიძლება, შენთან შემოვიდე? მე ხომ სულ მარტო ვარ, ამ უზარმაზარ სახლში ჩემს გარდა სხვა ბავშვები არ ცხოვრობენ და არ ვიცი, ვის ვეთამაშო... -კარგი, შემობრძანდით, გეთაყვა. -ხომ მეთამაშები?- პასუხი კი ყოველთვის ასეთია- -არა, რადგან არ მცალია. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩემი ჩარჩოების კოლექცია, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ხელს ნურაფერს ახლებთ! -არა, ნ., არ მინდა შენი ცარიელი ჩარჩოების დათვალიერება, მერამდენედ უნდა ვნახო, უკვე მომბეზრდა. აი, დაახლოვებით ასეთი ხანმოკლე დიალოგი იმართება მათ შორის ... არადა, ნ. არც ისეთი მოუცლელია. მოუცლელობას უბრალოდ იმიზეზებს. გოგონა მაინც შემოდის და მაინც ათვალიერებს ჩარჩოებს. ნ. კი მას არაფრის დიდებით არ ეთამაშება... ალბათ, ეშინია, რადგან ხომ შეიძლება, მას თამაშის დროს გოგონასთან დამეგობრება მოუნდეს და მერე უცებ მისი სხეულიდან ის „ჩაკეტილილი ბავშვი“ ამოხტეს და მთლიანად დაეუფლოს ნ.-ს პიროვნებას, („პერსონას“). ეშინია, ო, როგორ ეშინია ნ.-ს ამის! ნ.-ს სახლში თავის მიერ შექმნილი ნიღბების კოლექციაც აქვს (ქაღალდისგან, ხისგან, თაბაშირისგან დამზადებული) და იგი სარკეში ნიღბების გარეშე საერთოდ არ იხედება,... თავისი ნამდვილი სახის დანახვას გაურბის და ეშინია, ... რადგან გრძნობს, რომ ისიც უცხო აღმოჩნდება მისთვის... ეშინია, ო, როგორ ეშინია ნ.-ს ამის! ეს ქალბატონი სარკეში არა მარტო საკუთარი სახის, თავისი შიშველი სხეულის დანახვასაც არიდებს თავს და ამიტომ არასდროს შიშვლდება სარკის წინ... ალბათ, ფიქრობს, ხომ შეიძლება, მის სხეულს შემთხვევით ტანსაცმელთან ერთად კანიც აჰყვეს, აეგლიჯოს და ამით მხოლოდ სხეული კი არა, სულიც გაუშიშვლდეს-მის „პესრონაში“ დამალული სული, ის „გულუბრყვილო ბავშვი“, ვისიც ასე ეშინია ნ.-ს... ეშინია, ო, როგორ ეშინია!... ნ.-ს ხშირად საერთოდ ავიწყდება თავის წიაღში ჩაკეტილი არსების შესახებ (ანდა იქნებ არც ავიწყდება) და უბრალოდ უნდა იყოს ის, ვინც ჰგონია საკუთარი თავი-„პერსონა“ სახელად ნ., რომელიც ძალიან ამაყობს თავისი კოლექციებით... და როცა მას, მარტოსულს, მარტოობის სევდა შემოაწვება ხოლმე, გონებაში ხანდახან მაინც ამოუტივტივდება ფიქრები იმ „დასჯილ ბავშვზე“ და უნდა, ცხადად წარმოიდგინოს, როგორია ის... ეს არსება მას, რატომღაც, იმ მახინჯი იხვის ჭუჭულს აგონებს, ჰ. ქ. ანდერსენმა რომ აღწერა თავის ერთ ცნობილ ზღაპარში და რომლის შესახებაც დედა ხშირად უყვებოდა ნ.-ს ბავშვობაში, ასე ხუთი-ექვსი წლის ასაკში... და ამიტომ ნ.-ს ჰგონია, რომ ის „ჩაკეტილი ბავშვიც“ იმ იხვის ჭუჭულივით მახინჯი და უშნოა,.. სცხვენია მისი... ამიტომაც მალავს მას ასე მონდომებით... თუმცა რა იცის ნ.-მ, რომ, შესაძლოა, ის ე.წ. „მახინჯი იხვის ჭუჭული“, უკვე დიდი ხანია, რაც ლამაზ, თეთრ „გედად“ არის ქცეული... მაგრამ საიდან გაიგებს ამას ქალბატონი ნ.? ის ხომ საკუთარ თავს ვერასდროს ხედავს ვერც სარკეში და ვერც სხვა ადამიანთა თვალებში,... ვერ ხედავს გაშიშვლებულს, ისეთს, როგორიც სინამდვილეშია... P.S. და ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ ერთფეროვნებაში ცხოვრობენ, ყველასა და ყველაფერს ნაცრისფერში ხედავენ, ახრჩობთ ეს მოსაწყენი, აუტანელი რეალობა, მისგან გაქცევა უნდათ ანდა მისი სრულიად შეცვლა, მაგრამ ამაოა ყველა მათი მცდელობა... და ნუთუ ვერ ხვდებიან (თუ არ უნდათ, იცოდნენ?), რომ პრობლემა მხოლოდ საკუთარ თავშია, თვალებშია, „დაბინდულ პრიზმებშია“, იმ გულუბრყვილო, (ზოგჯერ სასაცილო) არსებებშია, ასე რომ აშინებთ ადამიანებს?... და ნუთუ ასე ძნელია, უბრალოდ, აღიარო, რომ შენ, ადამიანი, ცოტათი ჩამოჰგავხარ „იდიოტს“, ცოტათი ---ჯელსომინას, ცოტათი-მარკესის „ნაჭრის თოჯინას“ ცოტათი კი- „მეზობლის ექვსი წლის გოგონას“, იმისათვის, რომ გადაიქცე ბედნიერ,... სრულიად ბედნიერ არსებად?... და საკუთარ თავს ხომ ისედაც ვერასდროს ვერ გაექცევი!... აი, ამის თქმა მინდოდა... 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი