ვერ ვიპოვე


ცხოვრება დედინაცვლად მექცა
ცეცხლის კალოში მაგდებდა ის აშარი. 
გამოვექეცი.
ლაჯებში ღორი მოიმწყვდია,
გამომედევნა. 
სიტყვა ვიშიშვლე, ვენა დავისერე, 
სისხლი დავღვარე 
და გაჩნდა წყალი.
მაინც იმარჯვა - წამომეწია,
კანიდან ხალი ავირთვი,
სასვენ ნიშნებად გამოვძერწე
გზად მიმოვფანტე,
ტყე გავაშენე:
თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა შიგნით.
დავისვენე.
ვზივარ ახლა:
გამოვიცლი სხეულიდან ჯერ ერთ ძვალს,
მერე მეორეს
და ვთამაშობ სახლობანას,
ვაკვირდები
რომელი ძვლის გამომტვრევა 
ჩამომშლის, დამამთავრებს...
თუ ვერ მოვასწრებ,
ის ანჩხლი თუ მოახლოვდება,
ლექსებს ავლესავ,
კლდეს ამოვზიდავ
ისეთ წვეტიანს,
ისეთ ციცაბოს...
და დავასრულებ
ძვლებით გართობას.
ღორი წაიღებს ჩვენსა და თქვენს ჭირს,
მე კი ვერ გავალ სამშვიდობოს
რადგან არ ვიცი,
რომ ღალატი აქვს გულში ვიღაცას,
რომ ცხრაკლიტულში სალამურებს არ მომიტანენ
და რომ ვერ ვნახე,
ვერ ვიპოვე,
არ მყავს წიქარა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი