ცოდვა? თუ არჩევანი?
გარდასულია ის დღე, ის წუთი როცა ედემის ბაღი ჰყვაოდა, ევა ვაშლს სჭამდა, განა იცოდა? ჩაეთვლებოდა რომ ეს დიდ ცოდვად. ევა ვაშლს სჭამდა, გრძნობდა სიცოცხლეს, სიცოცხლეს, სიკვდილს, ბოროტს და კეთილს. გრძნობდა მის სისინს, მაცდური გველის, ეშმაკის ხითხითს და წყრომას ღმერთის. შეჭამა ვაშლი, შეხედა ადამს რამ გაურბინა გულში ანაზდად? ადამის შერცხვა და შეუყვარდა, აღეძრა უცხო ვნებათა ტალღა. და დაივიწყა თითქოს ყოველი, სამოთხის ბაღი და უკვდავება, მარადისობის კარი ჩაკეტა და ანაცვალა წუთიერ ვნებას. ვერ აპატია ღმერთმა შეცდომა, სამყაროს ფერთა შეცნობა, ნახვა. დასწყევლა, უთხრა-დღეიდან წახვალთ ცოდვილნო თქვენს თავს მიხედავთ თავად. ცოდვა ცოდვაა, მაგრამ დაწყევლილს რაღაცა ძალამ, რაღაცის რწმენამ, უბიძგა, თითქოს შეიგრძნო ძგერა და დაუძახა ვიღაცამ დედა. ვერ გაიმეტა განგებამ ევა და დაივიწყა დროებით წყენა, აჩუქა შვილი და გაჩნდა ქვეყნად მრავალი ხალხი და ერი ყველა. მას შემდეგ მოდის ადამის მოდგმა უამრავ ცოდვით, მონანიებით, ხან სიბოროტით, ხანაც სიკეთით ნგრევით , შენებით რაც ვართ ისეთით. ევას საქციელს განსჯის მოკვდავიც: -ღმერთმა შეუნდოს ევას ცოდვანი, ეს იყო ცოდვა? თუ არჩევანი? თუ ცოდვაც იყო და არჩევანიც? კახა ყავრელიშვილი2002 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი