შემოდგომის დღეები


მახსენდება შემოდგომის დღეები,
ოცნებები, მწუხარებით დაღლილი,
მდუმარება, განისლული ველები
და გრძნობები, მორცხვი, როგორც აპრილი.

შენს სარკმლებთან ღამე დავეხეტები,
შენს ქუჩებში სხვანაირი ღამეა,
ეს ის ცაა, რომ შევყურებ ვედრებით,
თუ ეს მხოლოდ შორეული მთვარეა?

შენს ფიქრებში ვერ ვიპოვე ადგილი, 
სადაც სული მოისვენებს ნეტარად,
ის დღეები, მარტოობით განვლილი
და ის სითბო, ტანზე რომ არ მეფარა.

ვერ გავუძლებ, ვიცი, ზამთრის ამინდებს
და ცხელ ტუჩებს გააცივებს ყინვები,
გაზაფხულზე და წვიმიან ამინდზე
უფრო მეტად, უფრო მეტად მჭირდები.

აღარ მოხვალ, ვიცი, აღარ შემხვდები,
აღარ მეტყვი, რომ სიცოცხლე მესიზმრა,
ვვარსებობ და ძველებურად ვბერდები
მაგრამ ნახვა შენი მე არ მეღირსა. 

ლურჯ ამინდებს გადაფარავს ღრუბელი,
შორი ტრფობით აივსება სხეული
და სიტყვები, უცნაური, უთქმელი,
ოცნებები - მწუხარებით ძლეული.

დამცინიან ბედისწერის ღმერთები
და მე ვკვდები, როგორც შორი აპრილი,
ქუჩა-ქუჩა უკანასკნელ ვედრებით
შენს სარკმელთან უხმაუროდ გავივლი.

მოდი გზები, მოდის მორცხვი აპრილი,
მაგრამ გზები დასრულდება შენამდე,
შენს სარკმელთან უხმაუროდ გავივლი,
გავაგრძელებ მე სიარულს ზეცამდე.

არეული, არეული ფრაზები
და სიტყვები ერთმანეთს რომ ერევა,
აგონია, საბოლოო წამები, 
უეცარი, სასიკვდილო შეტევა.

მე ფიქრებში, ოცნებებში ვათენებ
სევდით მოცულ უიმედო ღამეებს...

მწუხარებამ არსებობა არია,
ქუჩებში კი ისევ ცივი ქარია...

2016 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი