მოდი!


მოდი! შემხედე, მრუდე ცხოვრებამ
უსწორმასწორო გზებით მატარა,
მოდი! სიყვარულს მივცეთ გულები,
ბედნიერება შევქმნათ პატარა.
 
სიცოცხლის ღია სარკმელებიდან
ჩვენ დაკარგული გვიმზერენ წლები,
ჩამოწოლილა იქ მყუდროება
და ჩურჩულებენ წარსულის გზები.
 
დავიგვიანეთ...
ო, როგორ მინდა
ყველაფრის შეცვლა შემეძლოს დღესვე,
ახლა კი დავრჩი უიარაღოდ 
და უგვირგვინოდ ცოდვილი მეფე.
 
დავიგვიანეთ...
შორიდან ისმის
როგორ იღვრება ცრემლად ბუნება,
ნეტავ შემეძლოს შენემდე მოსვლა!
ნეტავ გაიგონ ჩემი წუთებმა!
 
მოდი! მომავალს ჩავჭიდოთ ხელი
და გავაშავოთ ერთად ჭაღარა,
სამარადისო გრძნობებს ვუმღეროთ,
მოვყვეთ, ლოდინმა როგორ დაგვღალა!
 
დავიგვიანეთ...
უნდა მოხვიდე,
თორემ იქნება სუნთქვა გაჩერდეს.
მერე რა, თუკი ვეღარ მომისწრებ,
გარდაცვლილს ერთხელ მაინც დამხედე.
 
მოდი! შემხედე, მრუდე ცხოვრებამ
უსწორმასწორო გზებით მატარა,
მოდი! ერთმანეთს ვუთხრათ სათქმელი,
ბედნიერება შევქმნათ პატარა. 

2013 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი