რომ გაიქეცი...


სწორედ ამ ღამეს რომ გაიქეცი,
რომ აგედევნა უკან წყვდიადი,
უკან დაბრუნდი სანამ მახსოვხარ,
სანამ არ არის კიდევ გვიანი.
 
შენ თუ შეატყვე, თუ დაინახე
ბნელში სინათლე შემოპარულა,
შავი ჩრდილების უნიჭო დასი
სცენიდან გადის ისევ მალულად.
 
ბალახს დანამულს, 
ზეცის ცისფერ თაღს
შემოვეხვევი უწინდებურად,
თანამიგრძნობენ, შვებას მომგვრიან,
არ გავიღვიძებ ასე ეულად.
 
ხედავ იმ ვარსკვლავს, როგორ ანათებს?
მარტოსული რომ ცაზე გაკრულა
და თითქოს იმის სანუგეშებლად
მთელი ზეცა რომ მაღლა ასულა.
 
მე კი აქა ვარ, შენ სად გარბიხარ?
უხმოდ მიქრიხარ, ვეღარ ჩერდები.
შენ, ოქროსფერო, ნათელო დღეო
აგვიანებ და აღარც თენდები!
 
რომ გაიქეცი...
მე სად გამოგყვე?
სად დავიამო  გულის ვაება?
სად გამითენდეს? 
სად დამიღამდეს?
სად შევაჩერო თავის წამება?
 
ღამე სრულდება, 
ეს ბნელი ღამე...
გაიფანტება მისი წყვდიადი,
შეჩერდი, დროა! 
შეჩერდი წამით!
განმაცდევინე ეს განთიადი!
 
მე დავრჩი მარტოდ, უიარაღოდ,
თვალს ვეღარ გაწვდენ, რადგან შორსა ხარ,
შენ საოცარი არსება არა!
შენ ზეციური მთელი კოცნა ხარ.
 
აი, თენდება და ეს სინათლე
გულში როდისღა შემოაბიჯებს?
ან როდის დაცლის ბნელს საგულედან?
როდის გადადგამს პირველ ნაბიჯებს?
 
ღამეც კი დნება საბედისწერო,
სწორედ ამ ღამეს რომ გაიქეცი...
ვინღა გეძებოს? 
ვინღა გიპოვოს?
შენ განთიადად გადაიქეცი...

2013 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი