მე, აღმაფრენა
მე გადავლახე დროის მარწუხთა ურღვევი ზღუდე და შევუსახლდი ნაწვიმარ ჰაერს, ნესტით გაჟღენთილს, უდაბნოების ხრიოკები ვაქციე გუბედ, წყალი სიცოცხლის მივიტანე ცისფერ ბაგემდის. მე გავარღვიე მძიმე აკვანი უგუნურების, კუზიანების და უმეცრების ბინა ვანგრიე, არ ვეთაყვანე, არ ვემონე ძალას ბუნების, ისევ განსჯა და აზროვნება ზურგით ვათრიე. მე დავამსხვრიე ფერდაკარგული ჩრდილთა ოცნება, გრძნეულ წინაქარს გრძნეულებითვე მივუტრიალდი, მტრების ნაკვალევს პირისპირ შეხვდა ჩემი გონება, ფიქრს ვუხმე ჩიხში და მოვუწოდე: შენ გახმიანდი! მე გადავწურე, რაც სასოება ვაგლახად ქროდა, გარდასულ მზეთა ბნელ დაისებში შევცურე წამით, კარგის და ცუდის ჩასვენებული გავმართე ბჭობა, გულის გატეხვის შავ მიწურებში შევჩერდი ამით. მე წავაქციე დიდებულების უხეში თრთოლვა, შეპყრობილ აზრთა ბორკილები ვტეხე თანდათან, ხოტბა შევასხი და განვადიდე ადამის მოდგმა, მრუდე წირების გასწორება ვცადე ხანდახან. მე მოვექციე ნისლისფერ გზებზე უკან მეგზურებს და ბედისწერის ქედები ვხეთქე მიწა-ქვიანი, ნაისარ გულთა მებატონეთ, სულით ეულებს, გავეთავისე... ვუწოდე მათ - ადამიანი! მე გადავცურე ნაცრისფერ ზღვათა უძირო წყლები, არ დავმორჩილდი განგების მორევს, სიკვდილის ქარებს, ფერი ვუცვალე და მიმოვფანტე სიცოცხლის მთები, მივუახლოვდი ცნობიერების სისხლისფერ არეს. მე შევაჩერე უიღბლო კაცთა ნელი წამება, დროის ალისფერ ნაკვალევში სწრაფად ჩავდექი, ცხადად ვაქციე ფერად ღამეთა თეთრი ზმანება, ბნელს თანავუგრძნე, განმარტოებულს ბოლო წამებში. მე შევეგებე ახლად შემოსულს - ღვთიურ სინათლეს, დიდებულ დილას მთელი არსებით მივუალერსე, საამო გრძნობით შევიგრძენი მისი სინაზე, როს ნიავქარი მომეგება გამთბარ სახეზე. მე დავინახე მზე - ზეციური, ოქროს მნათობი, გასხივოსნებულს მივაცქერდი, თვალი მომეჭრა, გულში ავიღე მისი ნათების წმინდა აკორდი, მზე ზეციური აიწია, ღრუბლებს შეეკრა. 2012 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი