დაკარგული სამოთხე
ცეცხლოვან ქვებში აღარ სურდა ყოფნა ჰერუვიმს და უკვე სძულდა სილამაზის ცხელი გვირგვინი, სამოთხის კარი ახსენებდა ხმლიან ქერუბიმს, ზეცა არ ეყო, პირველობის ჰკლავდა სურვილი. სრული სიბრძნე და ბეჭედი სრულყოფილების თითქოს ახრჩობდნენ, აგონებდნენ ღმერთის დიდებას, სწვავდა ედემი, ძალა არ ეყო მას მოთმინების, ომი მოუნდა, დაივიწყა თავის ღირსება. მასში ჩასახლდა ქედმაღალი, ბნელი არსება, ციური ბრძოლა წამოიწყო, მაგრამ დამარცხდა, სასუფევლიდან ჩამოაგდო ის მიქაელმა, დაბლა დაეცა ლუციფერი, მაგრამ გადარჩა. მიწაში ჩაძვრა, როგორც გველი, ისე დემონი და ჯოჯოხეთი ააშენა... მასში გამეფდა, ტარტერის მეფემ ამდინარა იქ ფლეგეთონი, შექმნა სტიქსი და გადაიქცა უმალ ჰადესად. სათავე ჰპოვეს კოკიტოსმა და აქერონმა, ლეთეს ზვირთებში აღმოცენდა მალე ქარონი და მიიწვია რქიან ტახტთან იგი დემონმა, მისცა ნავი და ადინა ცეცხლის წყარონი. ხოლო ქარონი იყო ხარბი, ვერცხლისმოყვარე, მრგვალ ობოლოსებს აგროვებდა იგი მკვდართაგან, მიცვალებულთა განსასჯელად მინოსთან ერთად რადამანათისს უხმო თვისთან დამხე სატანამ. როცა ქარონი აქერონზე მიმოდიოდა, როცა ცერბერი სდარაჯობდა წითელ კარიბჭეს, როცა მიწისქვეშ, ბელზებელთან, მზე ჩადიოდა, მაშინ ბნელმა და სიტკბოებამ კაცნი განიყვეს. მე კი ვიდექი გრიგალივით მძაფრ ასწლეულში და მეც ვებრძოდი შაითანის საშიშ გრიფონებს და ყინულივით ცხელ სხეულში _ სულ არეულში, ვადნობდი სიტყვებს, მათ ვაძლევდი ცისფერ სტრიქონებს. მე დავიბადე, ლუციფერი არ იყო მკვდარი და ძველებურად ისევ ებრძოდა ედემს ჰეენა, იქ, ურჩხულების სამყოფელში, სიკვდილი შავი დიდი ხნის წინათ, დემონურ ძალას უკვე შეექმნა. ჩონჩხად ქცეული ბნელეთის სული ალესილ ცელით, შავად მოსილი საიქიოს გზავნიდა ყველას, ზოგს ტარტაროსში უხვდებოდა კართან ცერბერი და ზოგი ცაში მიფრინავდა, როგორც პეპელა. აღარ ხარობდა ირგვლივ სიწმინდე და სიყვარული, ურწმუნო მიწას მოსდებოდა კვლავ ბოროტება, იყო სიყალბე და სატანის დღესასწაული, არ არსებობდა სათნოება და შეცოდება! მე დღეს ავიტან მთაწმინდაზე ჩემს ტანჯულ სხეულს და კორიფეებს, მიძინებულთ, ვუხმობ, გამოჩნდნენ, ჩვენ ხელოვნებით დავამარცხებთ ბნელეთის წყეულს და დავიბრუნებთ უწინ დაკარგულ, ნანატრ სამოთხეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი