გერგეთის სამება


სადაც სილამაზემ ბინა დაიდო და
სადაც მყუდროებამ ღამე გაათია,
მეც იქ გავფრინდები სულის გადამრჩენი
და სხვებს დავუტოვებ, რაც კი მაბადია.

როგორც იადონის ტკბილი ხმოვანება,
როგორც ბულბულების ნაზი გალობანი,
ისე შემღერებულ მთათა სიმაღლეზე
ღმერთო, არ მოაკლო გერგეთს წყალობანი.

აღარც მწუხარება გულის საზიანო,
აღარც დამძიმება შენი დასარჩენი,
დღესვე ფრთებს გაშლი და სივრცეს გადალახავ,
მერე შენ გახდები სულის გადამრჩენი.

ის ხომ შენს წინაა ასე დიდებული,
ის ხომ ქართულია ასე მადლიანი,
ღელავს ქარებიან დღეებს შეჩვეული
გული საქართველოს - წმინდასახიანი.

ზევით აზიდული ღრუბლებს ეფერება,
შენც ხომ ზევით გინდა სული აამღერო,
ჩვენი სიამაყე, ერის საგანძური
შენს ცას ერკინება, ტურფა საქართველო!

რაღაც უცნაური გრძნობა გეუფლება
და შენც ირინდები მსუბუქ სიზმარივით,
გიხმობს გერგეთი და შენკენ იყურება,
შერწყმა უსასრულოდ ცასთან სინამდვილის.

გერგეთს დიდება და გერგეთს ბრწყინვალება!
სულის აკორდების მხები ტაძარია!
უხმოდ შესცქერი და თან რომ უკვირდები:
ეს ხომ ზღაპარია! ეს ხომ ზღაპარია!

სადაც ზეციურმა მიწა ასაზრდოა,
სადაც სილამაზემ უხვად იბატონა,
იქ ხომ ტაძარია სულის გადამრჩენი,
როგორც იადონის ტკბილი ხმოვანება.

მიწის სიახლოვე, ნაზი სურნელება
გათრობს არსებობის წმინდა მონაკვეთზე
და შენც ბედნიერი გრძნობ, რომ ნაწილი ხარ
ტაძრის - აზიდულის ღვთიურ გორაკებზე.

ღამით განათებულს ხარბად უყურებ და
ხვდები, სიკვდილი რომ ვეღარ შეგაშინებს,
მალე გაფრინდები, სივრცეს გადალახავ,
გერგეთს მიაღწევ და მშვიდად დაიძინებ.

დილით მოფრინდება შენთან ღრუბელი და
უკვე ამაღლებულ სულით გაიღვიძებ,
როგორც უმწიკვლო და ბავშვი - უცოდველი,
შენ ხომ განიწმინდე! შენ ხომ განიწმინდე!

ეს არც სიზმარია და არც ილუზია,
ეს ხომ სასწაული მხოლოდშობილია,
ახლა სინათლე ხარ სხივებს აყოლილი,
უკვე სიწმინდე და სრული იდილია.

წადი, გაფრინდი და მყინვარს დაეწაფე!
მერე გათეთრებულ კალთებს უგალობე,
წადი, მოიხსენი ყველა ბორკილი და
სული, მონავარდე, გერგეთს უწყალობე!

ზევით აზიდული ღრუბლებს ეფერება,
შენც ხომ ზევით გინდა სული აამღერო,
შენი სიამაყე, შენი საგანძური
შენს ცას ერკინება, ტურფა საქართველო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი