რა მჭირს?!
ღამე - მძიმე, როგორც მომაკვდავის სუნთქვა დასწოლია ქალაქს, სისხლი ღვარად გასდის, დახუთული სივრცე მე - მოწამლულს ფიქრით თითქოს ჩუმად მახრჩობს და ვიძახი: რა მჭირს?! გზა იმედის სადღაც, სიბნელეში ქრება და ვერ ვლახავ, ვერა, მე სირთულეს ამ გზის, აღარსად ჩანს ხსნა და მასთან ერთად შვება, მე კი ისევ მძიმედ ვიმეორებ: რა მჭირს?! ალბათ, მოვა ჩემთან თვითონ ჩემი თავი, ალბათ, მოვა მალე და შუაზე გამჭრის, ჩამოდგება მერე განწირული წამი და ქცეული ორად ისევ ვიტყვი: რა მჭირს?! ო, იქნება მერე უკვე ძლიერ გვიან, გადაღლილი სულის დრო იქნება წასვლის, გავეხვევი ნისლში და იგრძნობენ ტკივილს, მე კი სხვაგან, მაგრამ მაინც ვიტყვი: რა მჭირს?! შეუპყრია ღამეს ქალაქი და გუდავს და ეს ბნელი კიდევ რამდენ საათს გასტანს? მოწამლული ფიქრით ვიმეორებ: რა მჭირს?! მაგრამ ისევ ცივა და პასუხი არ ჩანს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი