მტაცებელი
გული შარაგზის ბოლოს კიოდა, ქუჩაში ჰყეფდნენ შავი ძაღლები, მე, მძიმედ დაჭრილს, სისხლი მდიოდა და მეცლებოდა ლურჯი ძარღვები. ირგვლივ ბინდების, სევდის საღამო, ფერთა უსახო, უხმო თანხვედრა, იქნებ ოცნება წლებში გავცვალო, იქნებ შემინდონ ცივმა წამებმა. იდუმალება, ღამის თენება, სიჩუმე, ფიქრი, ღამე, სიზმარი, დილით მშიერი ცხენის ჭენება, ბოლო ჩასუნთქვა, შხამი, ისარი. ეს უცნაური სულის ღრიალი მალე მისწვდება ტყეებს, ნაპირებს, ეს დასადაღი, გული - ტიალი გაჩერებასაც აღარ აპირებს! ქუჩებში მოსჩანს თეთრი ლანდები, თეთრ სიმღერებში დაცურავს გედი, დღეს: დალეწილი წმინდა ხატები, ხვალ: მეწამული, უსახო მთები! სინაზე, ქვაზე დაკლული ბგერა, ცისფერი გზებით წასული მთვარე, დამტვრეულ ხეთა უთქმელი სევდა, ნელი წამება, წითელი არე. ზეცა სიბნელეს უამბობს ამბავს, მკვდრების ქუჩაზე ღამე ტრიალებს, სიჩუმე გულში აჩაღებს ღადარს და უცნაურად სული ღრიალებს. ბოროტი, უხმო, უძილო ღამე სინათლეს ახშობს სველი მუჭებით, შენამდე მოსვლა უიღბლო წამებს მოუწევთ უცხოდ, ბნელი ქუჩებით. 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი