შავი გემი
ცივმა ჟრუანტელმა ტანში დამიარა, სევდა სამწერტილობს ისე გამეტებით, ფიქრთა ამბოხია წუხელ რომ მტანჯავდა, თუ ეს სიზმრებია ბნელი ღამეების?! ცრემლი ისადგურებს ყირმიზ ბილიკებზე, ზეცა ირეკლება ისე მგლოვიარედ, ყალბი ოცნებებით სხეულ-დალეწილმა ზღვრები - მეწამული - ჩოქვით მოვიარე..! ჟამობს დეკემბერი გრძნობამორეული, ისევ ძველებურად დროა შებინდების, გამქრალ მოგონებებს უკან ავეკიდე, ალბათ ვეღარასდროს ვეღარ შევიცვლები. სული უქონლობა ჩვევად გავიხადე, ფიქრთა ნაკადებში ცურავს შავი გემი, თეთრზე ამოტვიფრულ სიტყვებს რა აზრი აქვს?! მეც ხომ დავმთავრდები, მეც ხომ დავილევი... რაღაც უცნაურად ვდგავარ ჯვარედინზე, მეც ხომ ჯვართამზიდი ჩემი არსებობის, ჯერაც იდუმალი ფიქრთა სიბოროტე მაინც არ შორდება, არა, ამ მოლოდინს! წამის შეჩერებას ცდილობს შორეული სადღაც ჩაძირული მშვიდი მელოდია, ჩემი მეგობარი ღამის აჩრდილები თითქოს რიგ-რიგობით, უხმოდ მშორდებიან..! ზეცას მიხატული უცხო სილუეტი რაღაც ვერ ერევა ღიმილს - ირონიულს და მეც ვეგებები უცხო ნაბილიკარს და მეც ვერ ველევი მიწას ამქვეყნიურს... ქრება სიზმარივით ღამის მსხმოიარე ეშმა-დაწყევლილი ცოდვის ნაყოფები, სისხლით იბერება ხეთა გამომხმარი, ხეთა გამომპალი ხსოვნის ნაფოტები. ღამე - უსულდგმულო, ღამე - სევდიანი, ღამე - დარღვეული მღვრიე შეკითხვებით, უნდა მომეშველო, უნდა მიპატრონო, თორემ გამთენიას სულ მთლად შევიშლები. სივრცე მეწამულად ისე გაისუდრა, თითქოს დაგრიგალობს მასში დასასრული, ცრემლით შენისლულა მიწის წიაღები, თითქოს სიმშვიდეა მათში ჩამარხული! სულის სნეულება ძლიერ მომეძალა, სევდა სამწერტილობს ისე გამეტებით, ეს ის ფიქრებია, გუშინ რომ მყინავდა, თუ ეს სიზმრებია ბნელი ღამეების..?! 2014 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი