9


გამოვერიდე ხმაურიან ქუჩებს თბილისის,
გულს დაწოლილი დარდის ჯანღი უნდა ავყარო,
და მიხარია მაღლა ავლა გრძელი ბილიკის,
როცა მთებიდან არწივივით ვუმზერ სამყაროს..
.
როგორც საჩეჩზე ფარტენები გადახეული,
ისე გადმოწვა თეთრი ნისლი მთებზე საავდროდ,
როგორ მინდება გამოგლიჯოს სულმა სხეული,
რომ ერთხელ მაინც ლაჟვარდებში გავინავარდო...

გადავიქროლო გადავსერო კლდეთა კალთები,
მკლავებგაშლილმა ცის კიდეზე შევკრა კამარა,
მაგრამ ოცნებავ, ოცნებადვე ვიცი დამრჩები,
რადგან ცხოვრებამ სურვილებიც დაასამარა...

არ დავბრუნდები ღმერთო დავრჩე ხომ შეიძლება,
რა ახლოსაა ახლა ჩემგან შენი საუფლო,
მთების გარეშე ჩემი ფიქრიც ხომ შეიშლება,
ბარად ჩასულმა რამდენ ტკივილს უნდა გავუძლო..
.
ბილიკს მოვყვები... ქვები არა, ცოდვები ყრია....
ფეხის წამოკვრით სული მტკივა... განა თითები...
მიწის ქვემოდან... ორ მეტრაზე აკლდამებს თხრიან...
მე მიწის ზემოთ... ჯოჯოხეთის წევრად ვითვლები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი