უბრალოდ გვჯეროდეს


მოდი გავცვალოთ სხეულები
და გავლოკოთ ერთმანეთის გრძნობები,
სანამ ფსკერზე დალექილი სიმჟავე
არ შეგვახსენებს, რომ ისევ მარტო ვართ. 
ვითამაშოთ ბედნიერება,ქაოტური ჟესტებით,
თითქოს ის მართლაც არსებობს,ხოლო მერე
ილუზიებისგან ლურჯი სახლი გამოვძერწოთ, 
მას არ ექნება სახურავი, რადგან ჩვენ ანგელოზები ვართ
და გვიყვარს ფრენა....
ვისწავლოთ ცეკვა, რომ მუსიკით გაიჟღენთოს
ჩვენი ვენები და სიგარეტის ბოლით გამურული 
კედლებიდან ჩამოვრეცხოთ ყველაფერი
რაც ნაცრისფერია.... 
შევიყვაროთ ღამე, რადგან ის დაგვმალავს დროისგან 
და გვასწავლის სითბოს.... 
შემოვხვიოთ ხეებს, ისინი ხომ კერპად გაჩნდნენ,
რომელთაც უნდა ეთაყვანო და მერე უარყო....
დავივიწყოთ, რომ ვართ მოჩვენებები,
უბრალოდ გვჯეროდეს, რომ გავჩნდით წვიმისაგან
და ხვალ არასდროს იქნება გვიან.... 
მაგრამ ყველაფერს თან ახლავს დასასრულის მძაფრი სუნი
და ამიტომაც არ ვახელთ თვალებს.... 
უკანასკნელი ინტიმური რამ, რასაც შევთხზავთ,
იქნება შიში,რომ დროა, დავცალოთ ფილტვები ჰაერისგან
და ამ მოგონებებს სინიკურად გავუღიმოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი