დედა ღმერთია შვილებისთვის


დედა ღმერთია შვილებისთვის...
*************************************
ყოველ ძილის წინ მხოლოდ ერთი კითხვა მაწამებს,
ღმერთო, ისმინე ხატების წინ ჩემი ვედრება,
დამიფასებენ ამ სიმწარით, შრომით ნაწვალებს,
როცა ხანდაზმულს დახმარება არ შემეძლება?

მე ცხოვრებაში არ მქონია შიში აღმართის,
არც არასოდეს დამიყრია ბრძოლის ფარ-ხმალი,
გამოწრთობილი ფოლადივით დაუღალავი,
გზად ეკალ-ბარდებს ვიკაფავდი ცრემლებნაღვარი.

ყოველ ნაფეხურს ჩემი შრომის კვალი ატყვია,
ყოველ კაპიკში ცრემლებია ოფლად ჩაღვრილი
და თუ სახეზე ნაოჭების ღარი მატყვია,
არა, სიბერე არ გეგონოთ, მე ვარ დაღლილი.

გვერდს ვერ ავუვლი, შემომხვდება გზაზე სიბერეც,
შევერცხლილ თმებზე გადამისვამს ხელებს კანკალით
და თუკი შვილო, ჩემ სიცოცხლის წლებსაც იბევრებთ,
მაშინ, ჯობია შევიმოკლო ჩემი სავალი.

არა, არ მინდა გადაგღალოთ, მაგრამ თუ მაინც,
არ შემეძლება, მიმტყუნებენ სუსტი მუხლები,
სიყვარულია უფლისადმი, მამაგრებს რაიც,
სანამ ვიცოცხლებ, არასოდეს ჩავიმუხლები.

დედა ღმერთია შვილებისთვის, თავშესაფარი,
ბუმბერაზია, აღმართული მტკიცე კედელი,
თუ შვილებისგან გული მაინც მექნა გამთბარი,
მე არასოდეს დროზე ადრე არ დავბერდები.

     მარინა ყიფიანი
        07.04.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი