ძველი ლექსები


***

წუთიერიც კარგია, ხორციელიც ტკბილია,
ღვინოს ყანწით დალევა, ლამაზ ქალთან ძილია,
დროის უქმად ტარება რომანტიულ ფიქრშია,
მაგრამ სული ეული -
ობლად რატომ გვირჩება?
ახი იყოს ჩვენზედა -
ღმერთი თუ განრისხდება...

                                        1994 წელი
 
დიდი მწვანე ველი

ჩვენს წინ გადაშლილი იყო
დიდი, მწვანე ველი,
ეხლაც თითქოს იმ ველში ვარ
და მდუმარედ გელი.

მაგრამ მხოლოდ ოცნებაა
ასე ფიქრი ჩემი,
არ იქნება არასოდეს -
ერთად ყოფნა ჩვენი.

არ იქნება, მაგრამ მაინც
ოცნებებში დაკრთი,
შენ ხარ ჩემი გაფრენილი
სიყვარულის დარდი...

                            1996 წელი
გულისთქმა

ვერვინ გაიგო ჩემი ფიქრები,
არვინ არს ჩემი მესაიდუმლე,
რაღა თქმა უნდა მე ვერ გავუგებ -
ვერაგებს, ფლიდებს და მაიმუნებს.

ადამიანში ვეძებ კაცობას,
კაცებში ვეძებ ადამიანებს,
როცა ვიპოვი მე მოვიშუშებ
ამდენ ჭრილობებს, ამდენ იარებს.

გაივლის დრო და ალბათ გამიგებს,
გამიგებს ჩემი შთამომავლობა,
ჰე ძვირფასებო! ჰე სანუკვარნო!
წინასწარ გიხდით მე დიდ მადლობას...

                                               1996 წელი
 
გმირთა ვარამი
(ჟიული შარტავას)

ფარით ან ფარზე, დედას შავები,
ან გამარჯვებე, ან ველზე კვდომა,
მაშინ როდესაც მტერს მე შავები -
პირქუში იყო ის შემოდგომა.

მტერი ვერაგი წამომდგომია,
მე მის მახეში რა დროს გავები,
ამაში მაინც ბედი მქონია -
მას უბრძოლველად რომ არ დავნებდი...

                                       1994 წელი

***
წუთი წუთს მისდევს და განშორება
ამ ცხოვრებასთან მეტად ძნელია,
იწვე კუბოში
და იყო მკვდარი -
ო, ღმერთო ჩემო საშინელია...

                                           1997 წელი
 
***

შორს, დიდ მწვანე მინდორში
ობლად იდგა კედარი,
კედრის ძირას ესვენა
საქართველოს ცხედარი
და მახვილით სერავდა
ვიღაც უცხო მხედარი.

ცას ღრუბელი ეფინა და
ცხარე ცრემლებს აფრქვევდა,
მიკლულ საქართველოს კი
ქართველი ვერ ამჩნევდა,
იყო გულარხეინად
და სხვის საქმეთ არჩევდა.

უცებ უცხო ხმა გვესმა:
- გონს მოეგეთ ქართველნი,
სულისმიერ ძმათა სისხლით -
აგრე როგორ დათვერით?!
ასე უსულგულოდა,
მიკვირს როგორ დაეცით?!
ვერა ხედავთ სამშობლო -
სისხლის ტბაში რომ ცურავს?!
რად ვერ ხედავთ თქვენს მტერთა,
თქვენთა მიწის შემმუსრავს?!

გაახსენდათ ქართველებს
მტერი მათი მოსისხლე
და მათ შესამუსრავად
ხმალ-ხანჯალი აისხეს.

მათ წინ დროშად უძღოდა
ქეთევანის მხნეობა,
სააკაძი სიმტკიცე,
ცოტნეს გამბედაობა.

ბრძოლა იყო ფიცხელი,
ქართველთ და მტერთ შორისა,
იყო ხმალთა ჭახანი,
საშინელი ომისა,
გულის გამახარელი -
ყვავისა და ყორნისა.

ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა,
არ დაღლილან ქართველნი,
მათ ხომ წინ მიუძღოდა
უფლის ჩვენის ნათელი
და ქართველი დედების 
ანთებული სანთელი.

ბოლოს ბრძოლა მიწყნარდა,
ქართველთ ხმალი ჩააგეს,
როგორც ყოველთვის იყო 
ეს ომიხ არ წააგეს,
უფალს თანადგომისთვის
ქართველთ მადლი მიაგეს.

ახლა იმავ მინდორში
ობლად მდგარი კედარი,
გაიფურჩქნა, აყვავდა,
ახლა უფრო მხნედ არის,
მორჩა! მკვდრეთით აღმსდგარა
საქართველოს ცხედარი,
მახვილით რომ სერავდა
ვიღაც უცხო მხედარი...

                                    1994 წელი
 
ქალწული

უმანკო იყო, ის ვინაც იყო,
ის იყო ტურფა მშვენიერება,
ის ანგელოზი გამოდგა თითქოს
და თავად იყო ბედნიერება.

მას ოქროსფერი ნაწნავი ქონდა,
ყვავილთ გვირგვინი ქონდა დაწნული,
იის და ვარდის სურნელი ქონდა
და თავად იყო იგი ქალწული.

ეს აღარ იყო ტკბილი სიზმარი,
კუნაპეტ ღამის მელანქოლია,
მე ცხადში ვნახე ის საოცარი -
სხვა დროს ეს გრძნობა მე არ მქონია.

ნელი ნიავი იქ წყნარად ქროდა,
ქვეშ ყვავილების ხალიჩა ეგო,
ვგრძნობდი უმანკოს გრძნობით რომ თრთოდა
და ამის ხილვა მე წილად მერგო.

ეგ უცოდველი მისი გონება
ცხოვრებას სულ სხვა თვალით უმზერდა,
ნარნარხმოვანი ხელთ ქნარი ეპყრა,
ქვეყნად სიწმინდეს იგი უმღერდა.

მე ჩამესმოდა მისი სიმღერა,
მისი ღიმილი ჯადოქმნილია,
ცისკრისა მსგავსი ქალწულის მზერა -
თავად ღმერთისგან ის შექმნილია.

და გარინდული ვუსმენდი იმ ხმას,
ედემის ბაღში მეგონა თავი,
თითქოს ვუმზერდი პირველ ქალს, ევას,
მე თავად ვიყავ თითქოს ადამი.

იქვე ცნობადის ხე იდგა კიდეც,
მსხმოიარობდა სამოთხის ვაშლი,
გველიც იქ იყოს ევას შემცდენი,
ჩვენც შევცდით, ეშმაკს არ დავრჩით ვალში.

უმალ ქალწულის ის ნაზი მზერა,
გაქრა, ჩაბუდდა მის თვალში ვნება,
თითქოს გაგვწირა ჩვენ ბედისწერამ,
გაქრა უმანკო მშვენიერება.

და შემრჩა მხოლოდ იმ ნანახიდან
ყვავილთ გვირგვინი, ნაზად დაწნული
და ვთქვი: " ცოდვილი ქალიც თავიდან -
იყო უმანკო, იყო ქალწული...

                                         2002 წელი
 
მე ვისაუბრებ ღმერთის ენაზე,
შენ ჩემს წინაშე აცახცახდები,
დაგამშვიდებ და გასმევ ზედაშეს,
მოგეფერება ძველი ცაცხვები,
გაივლის დრო და დაგავიწყდები,
თუმც კვლავაც ჩემთან გამოცხადები...

...და მზის წიაღში როცა შეივლი
შენც ღმერთის ენას დაგასწავლიან,
მოიწი ახლოს მე შენთან მინდა,
მე შენთან მინდა, მინდა ძალიან.

...მაღლა, პიტალო კლდეზე დავდგები,
ექოს პასუხად გამცემს ხევები,
თითქოს ისაა ღმერთის სიტყვები,
შენ რომ შორიდან შემესიტყვები...

                                     2002 წელი
ადამიანო!..

როცა ცხოვრებას დაუკვირდები,
ლამის ჭკუიდან შეგშალოს კაცი;
შობიდან გზანი სიკვდილისაკენ
ისე გაივლის, ვერ იგრძნობ, არცკი.

სულ ერთი წუთით ამ ქვეყანაზე
უნდა იცხოვროს ადამიანმა,
კიდეც ილხინოს, კიდეც იტიროს -
ისე წავიდეს ცხოვრებიდანა.

ვერ გაექცევი სიკვდილს ულმობელს,
ხელს დაგტაცებს და წახვალ შორ გზაზე,
წახვალ? მერე კი ჩემო ძვირფასო -
აღარ იფიქრო დაბრუნებაზე.

ადამიანო! მე შენ მოგმართავ!
ის ერთი წუთ უქმად არ ვხარჯოთ
ბედკრულ ჟამთასვლას ისე გავუგოთ -
რომ ერთმანეთის გულებს არ ვავნოთ...

                                        1998 წელი
***

ცხოვრების სიტკბო, სიმწარე 
სულ ყველა ერთად ვიწვნიე,
სიცოცხლის ავი და კარგი -
დუელში გამოვიწვიე,
დაფიქრებულმა პოეტმა -
მე ღმერთი სტუმრად ვიწვიე.
  სიხარულისგან, დარდისგან,
მე ერთად ცრემლი ვაწვიმე,
მე ვეტრფი ძველი ცხოვრების -
შავ ჩოხას ოქროს ყაწიმებს,
პატივს ვცემ ყოველთა გმირთა 
და სისხლით ნაპოხ მთა-მიწებს.
   სწორედ ამიტომ ძვირფასო,
ბევრიც მიხსენებს... მივიწყებს...
ტკბილმწარე წუთისოფელო -
მე ხომ არავის ვივიწყებ?!.

ცხოვრების სიტკბო, სიმწარე,
სულ ყველა ერთად ვიწვნიე,
ცხოვრების ავი და კარგი -
დუელში გამოვიწვიე.

                                          2000 წელი
მე პოეტი ვარ

მე პოეტი ვარ ჯერაც უცნობი,
მუზების აფრებს ქარები შლიან,
ლექსია ჩემო ცხოვრების ჰობი
და მე ლექსები ჭკუიდან მშლიან.

მე ამ ქვეყანს დიად სიმღერას -
ვუმღეროდი და კვლავაც ვუმღერებ,
ამ ჩემს ხვაშიადს ვინმე რომ მიხვდეს -
სწორედ მისთვის ვწერ ლამაზ სტრიქონებს.

ნუ მიღალატებ ჩემო მკითხველო
და თანაგრძნობის მაწვდინე ხმები,
რომ კვლავ გავლექსო მე საქართველო
და საქართველოს ლამაზი მთები...
         

                                      1999 წელი
სევდიანი სტრიქონები

გულდარდიანი და სევდიანი
მე გავჩენილვარ ცოდვილ მიწაზე,
იქ, შორ სივრცეში ცა ღრუბლიანი 
შავადა ჩანდა მაღლა მის თაღზე.

ვდგავარ მდუმარედ, ვფიქრობ ყოველზე,
ამ უთავბოლო წუთისოფელზე,
ვდგავარ და ვფიქრობ როგორც ქანდაკი,
მბოჭავს ცხოვრების მძიმე არტახი.

ნისლს შეუბურავს მაღალი მთები,
უფსკრული შავეთს მაგონებს უკუნს,
თუმც არ მაშნებს საშიში ხმები,
არც ვიცინი და არც ვიწყებ სლუკუნს.

ვიცი საწუთრომ დამაღალატა,
სიცოცხლე შხამად გადამიქცია
მე ლხინზე უფრო მეტი ტკივილი -
საცოდავს ბევრჯერ გამომიცდია.

მაინც არ ვტირი და არც ვიცინი,
გავჩნდი და ვცხოვრობ ცოდვილ მიწაზე,
შორს მიცურავენ ღრუბლის ქულები
და შავად ჩანან მაღლა ცის თაღზე.

                                              1999 წელი
წუხელის ბავშვი ვიყავი თურმე


წუხელის ბავშვი ვიყავი თურმე, 
ბავშვობის ვნახე წუხელ სიზმარი,
წუხელ მესიზმრა ჩემი სოფელი,
მშრომელი, გამრჯე პირმოცინარი.

გზაზე დავრბოდი მე ფეხშიშველა,
რიყის კენჭები ფეხს მიცელავდა,
მაგრამ ღიმილი არ მშორდებოდა
რადგან ბავშვობა მე მომელანდა.

მეზმანა კალო კოლმეურნეთა,
ჩაი, ნაპოხი ქალების ოფლით,
მეზმანა ჩემი ლაღი სოფელი
აშენებული გარჯით და შრომით.

ვნახე დუქანი მე სოფლის ცენტრში,
იქ მოქეიფე სოფლის ბიჭები,
მხაირულობდნენ, ილოცებოდნენ,
სვამდნენ "მგელაძის' დიდი ჭიქებით.

მეზმანა ძველი ჩემი სოფელი,
კალო, ბეღელი, "ბუხუს საწყობი",
ავტოგარაჟი და ატელიე,
ვარლამ ნარსიას პურის საცხობი.

ვნახე ბავშვობის ჟივილხივილი,
ჩვენი ფუსფუსი საცდელ ნაკვეთში,
აზას ბუფეტი, ნელი წვნიანი,
ნუგბარ-ნუგბარი ხილის კამფეტი.

და კლუბი ღამით კინოს ლოდინში -
მოჟრიამულე ახალგაზრდები,
ვნახე ტრფიალი და პაემანი,
იასამნები, თეთრი ვარდები.

ის ჩვენი მუნჯი მექანიკოსი
ხელის მიმიკით რაცღას გვიხნიდა,
ჩვენ გვახსენებდა იმ ეპიზოდებს,
საინტერესოს ღამის ფილმიდან.

წუხელის ბავშვი ვიყავი თურმე,
ბავშვობის ვნახე წუხელ სიზმარი,
წუხელ მეზმანა ჩემი სოფელი,
მშრომელი, გამრჯე, პირმოცინარი...

                                                   1998 წელი

მეორედ მოსვლა

გარეთ თქეშია, წვიმს და ბობოქრობს -
ელვა მაღლიდან გადმომზირალი,
თითქოს ცას სტკივა, მეხი ღრიალებს
და წვიმას ცრემლად აფრქვევს მტირალი.

აქ, შორიახლოს იჭექა მეხმა
და ცეცხლის ალმა ცა გაარღვია,
სადღაც სიცოცხლე შეწყვიტა მუხამ,
მეხმა ის ცეცხლის ალში გახვია,
შემდეგ ბუნებამ მისგან შექმნილ ხეს -
მდუღარე ცრემლი გადააფრქვია.

თითქოს მესიამ შეიპყრო ზეცა
და თითქოს ელავს მისი მახვილი,
ელვა და მეხი, ელვა და მეხი -
მეორედ მოსვლა არის ნამდვილი.

შიში არ მიპყრობს, არ მეშინია,
არ მეძალება სიკვდილზე ფიქრი,
მსურს გადირეცხოს დედამიწაზე
მილიონობით  დაღვრილი სისხლი,

გარეთ თქეშია, წვიმს დაბობოქრობს
ელვა მაღლიდან გადმომზირალი,
თითქოს ცას სტკივა, მეხი ღრიალებს
და წვიმას ცრემლად აფრქვევს მტირალი.

მე კი მსურს იმ ცას მივუალერსო 
და მოვუშუშო მწარე იარა,
მსურს შევეკითხო ამ ცამ და მიწამ
ერთად რამდენი ხანი იარა.

მაგრამ ხმა ზეცას ვერ მივაწვდინე,
ვერ მივეახლე, ვერ სწვდება კიბე,
ვერც კოსმონავტი ვიქნები ოდეს,
ვერც ავმაღლდები, არა ვარ ქრისტე.

მესსია ისევ ზეცას პატრონობს
და თითქოს ელავს მისი მახვილი,
ელვა და მეხი, ელვა და მეხი
მეორედ მოსვლა არის ნამდვილი.

                                                   1999 წელი
5 მარტი

მზე ამობრწყინდა გაზაფხულისა
და არემარე მზერით გაათბო,
დედის ტკივილი სიხარულისა
ბალღის ტირლმან ხელად დაატკბო.

გათენდა, იმ დღეს იხარა ყველამ,
ილხინეს ბევრი, ხარობდა სახლი,
იმ დღესვე იმ ბალღს "საბჭოში" მამამ
ზედ დაანათლა სახელად მაცი.

                                                   1997 წელი

მე და მუსიკა

მე ვიძირები მუსიკის ჰანგში,
კრძალვით ვეწვევი მე მის სამყაროს
და ლამის არის ამ ლამაზ ხმაში
მოცარტს, ბეთჰოვენს გადავეყარო.


                                                                        1992 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი