ე, გური


ვინ ვარ მე?
მე ხომ კოლხი ვარ?
კოლხურად მტკივა ე, გური
და რატომ მტკივა?
თუკი ამაყად
მოქუხს, მოღელავს ჩემი ენგური?
მაინც ვმწუხარებ
რადგანც ვიცი
კლავენ და კვდება ჩემი მეგრული' 
ჩემი სვანური, ჩემი ლაზური,
ნელინელ კვდება სული კოლხური
და მტკივა ძლიერ,
მტკივა, ე, გური,
შავი ზღვაც მასზე ღელავს და შფოთავს,
ამასვე ტირის ჩემი ენგური.
ლაზს დაავიწყეს ლაზური,
სვანს ავიწყდება სვანური,
მეგრელს რცხვენია მეგრულის
და მტკივა, მტკივა, ე, გური;
არვინ დარჩა მგონია -
დიდი კოლხეთის ერთგული,
რადგანაც კვდება ლაზური,
რადგანც კვდება მეგრული.
თავდახრილია ჭყონები,
თავდახრილია ცაცხვები
მე მათ წინაშე ვდგევარ და
შიშისგან ავცახცახდები.
გულდარდიანობს აიეტ,
მზეც თავის შვილებს არ წყალობს
და მაფშალიაც მოლხენით-
მეტის სიტურფით არ გალობს.
ზღვაც ღელავს, ქარიც, ბორიაც,
შფოთავს და ბორგავს ყოველი,
არ გაიხარებს ძმობილო -
თავისი ჯიშის მგმობელი,
არ გაიხარებს ის შვილი,
ვისაც არ ახსოვს მშობელი.
მე ისევ მტკივა,
მტკივა ე, გური,
შავი ზღვაც ღელავს, შფოთავს და ბორგავს, 
ტირის და კვნესის დედა ენგურიც...
16 ივნისი
2016 წელი, სოფელი სარაქონი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი