სული


მთელი სოფელი შეყრილიყო სახლში. ყველას სახეზე მწუხარება ეხატა - ზოგიც ყალბი, ზოგიც მართალი. თმაგაშლილი ქალები კუბოს შემოსხდომოდნენ და გულამოსკვნით მოთქვამდნენ.
ის ახლახანს გარდაცვლილიყო, ჰო ასე ერთი საათის წინ. მორჩა, წამში გათავებულიყო საცოდავი, არადა მეტად ახალგაზრდა იყო სიკვდილისთვის.
არც ავადმყოფობა გაეგონა მისი ვინმეს და უკვირდათ ამიტომაც, რად გარდაიცვალაო ასე უეცრად.
არადა მართალი გითხრათ მარტივია ეს ოხერი სიკვდილი; შენ ისა თქვი სიცოცხლე რომაა ძნელი, ძნელზე ძნელი,თორემ სიკვდილი რაა? ერთი უბრალო ამოოხვრა და საფშვინველიდან ნისლისფერი სული ამოფარფატდება და ეთერს შეერწყმევა; ჰაერში მონანავე ზიზღით გადახედავს სხეულს რომელშიც დროებით იყო გამომწყვდეული და ზეცისკენ გაიკვალავს გზას.
ჰო, ასე მარტივია ყოველიფერი.
ახლა დახეთ სიცოცხლეს: ვიბადებით, ამ ქვეყანას ვევლინებით, თანდათან ვიზრდებით, მერე უმანკო გრძნობებს მანკიერება ცვლის და ცოდვაში ვვარდებით, აქაოდა მოკვდავნი ვართ, დღეს თუ ხვალ ამ ქვეყნიდან წავალთ და რად უნდა დავიკლოთო ამქვეყნიური სიამტკბილობანიო, ვიმშვიდებთ თავს.
მაგრამ ეს სიამტკბილობა ყველას ხვედრი როდია; ძლიერთა ამა ქვეყნისათა ძალუძს მხოლოდ ისე იცხოვრონ როგორც მოესურვილებათ, რადგან ცაა მათთვის ქუდი და დედამიწა ქალამანი.
ის პატიოსანი კაცი იყო. გარდაიცვალა ისე რომ ცხოვრებას გემო ვერ ჩაატანა.
საერთოდ მეოცნებე კაცი იყო, ნიჭიერი და სხვებისგან განსხვავებული.
ცდილობდა საკუთარი თავი შეეცნო და საკუთარი ადეგილი ეპოვა, მაგრამ სწორედ რომ ეს ვერ მოეხერხებინა, პრინციპში ცოცხალი რომ იყო მაშინაც მკვდარი იყო, უფრო სწორედ ის ცოცხლად მოკლეს ნიჭიერთა სასაფლაოში დაფლეს, დამარხეს.
არაერთხელ სცადა ხმა ამოეღო, მაგრამ უბრალოდ გაიფართხალა, სხვა ვერა მოახერხა რა. ისე გადათელეს, არცკი შეებრალათ, ანდა ვინ შეიბრალებდა, შემბრალებელს გული უნდა ქონდეს, ეგ გული კი სიკეთით უნდა იყოს სავსე. მერედა სადღა იყო ეს სიკეთე?
მიაჩნდათ რომ ის საშიში იყო მათთვის, საშიში იყო და ამიტომაც აწვეთებდნენ შხამს მისთვის განკუთვნილ ულუფაში და ელოდნენ შედეგს. წესით ის ან სულიერად მოკვდებოდა ანდა მათსავით ეშმაკად გადაიქცეოდა.
უკეთესი რამ მოხდა, ის მოკვდა, ეშმაკად კი არაფრის დიდებით არ გადაიქცა.
სულს შემოაკლდა თავისუფლება, სულს სული შეეხუთა და უცბად გადაწყვიტა გაქცეოდა სხეულს და ეთერს შერთვოდა.
ის იმდენად მსუბუქი იყო ადვილად შეძლო ამაღლება.
მორჩა, ის თავისუფალია, ჩიტივით თავისუფალი, მალე ზეცადაც ამაღლდება. ახლა კი დაფარფატებს „მგლოვიარე“ და „მწუხარე“ ადამიანებს შორის, რომელნიც მას დასტირიან, უფრო სწორედ იმ გვამს, რომელშიც წლობით იყო გამომწყვდეული.
ეზიზღება ყალბი მწუხარება ადამიანებისა, უნდა რომ ერთი მაგრად შეიგინოს, მაგრამ თავს იკავებს, ის ხომ სულია, უმანკოებით აღსავსე და მსუბუქი.
- რა კაცი დავკარგეთ, - იძახის ერთი.
- აბა ბიჭო, მართლა კარგი კაცი იყო, - კვერს უკრავს მეორე.
„ჰაი, თქვე მლიქვნელებო, ახლა გავხდი კარგი?
განა თქვენ არ იყავით მე რომ ფეხებში მებლანდებოდით და გასაქანს არ მაძლევდით, ფიქრობს სული და სულაც არ ედარდება რას იტყვიან ეს გაიძვერები.“
ესმის სულს როგორ აქებენ და ადიდებენ უწინ მისი მგმობელები.
ესმის და ცოტა არ იყოს ბრაზდება მათზე, მაგრამ თავს იკავებს. მას შეუძლია საფშვინველში შეუძვრეს და ჯერეთ ერთი მოახრჩოს და მოაკვდინოს, მერე მეორე და ასე და ამგვარად.
მაგრამ არ ღირს. იყვნენ, იცოცხლონ.
რაა სიკვდილი?
სიკვდილი უფრო ადვილია ვიდრე სიცოცხლე.
სიკვდილი თავისუფლებაა, ზეცად ამაღლდები და მორჩა. უყურე ცოდვილ დედამიწას, და ელოდე მათ, ვინაც ამ წუთისოფელში არ გაგახარა, მაგრამ ვგონებ ისინი შენამდე ვერ მოაღწევენ.
„კარგი იქნებოდა ამ წუთისოფელში მწუხარება და სიხარული, სიყვარული და მეგობრობა ყალბი რომ არ იყოს, იფიქრა სულმა. მხოლოდ სიძულვილია ნაღდი და ნამდვილი, ამიტომაცაა სიცოცხლე ძნელი და ამიტომაც ღირს გარდაცვალება...“
 
მაცი ჯალაღონია
2015 წელი.
სარაქონი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი