სიყვარულისთვის გაჩენილი
ერთხელ მოვედი ამ ქვეყნად, ერთხელ დავიბადე და ერთხელ გარდავიცვლები ალბათ. მოვედი იმისთვის რომ მიყვარდე, მიყვარდე შენ და მიყვარდეს ის; მიყვარდეს ყველა და ვინ ხარ შენ სიძულვილს რომ მაპარებ; ვინ ხარ შხამს რომ მაძალებ? მაგიდასთან ვზივარ; ვზივარ მარტო; თანამესუფრე არავინ მყავს და ამიტომაც ტოლმბაშიც და ბილუმბაშიც მე ვარ; ხელში თასი მიკავია, პირთამდე შხამით სავსე და უნდა დვცალო; თვალწინ მიკრთის როგორც ლანდი დღე გუშინდელი - ჩემი წარსული; ფიქრებში ვარ წასული, თქვენგან ცალკე გასული და ეული; თავს კი დამსტრიალებს გრძნეული, რომელიც ცდილობს ჩემგან იყიდოს სული, რათა ამქვეყნად დატოვოს სხეული, უგრძნობი ლეში. „წადი!“ ვკადრე გრძნეულს მაგრამ ის უტიფრად მომჩერებია; ეს უტიფარი არსება საშინელი შესახედავია, გაბურძგვნილი თმით, მოშებული წვერით, გუგებში ჩამალული ვიწრო თვალებით და საშინელი, წრიპინა ხმით არ მიდის, უტიფრად მიყურებს და საზიზღრად იკრიჭება; ხელს ჩემკენ იწვდის. ვიცი, ჩემი სული უნდა ჩაიბაროს, იყიდოს, იყიდოს გროშებად; იცის მე მიჭირს, არ მაქვს სიმდიდრე, არა მაქვს ფული, სულიღა შემრჩენია და მის ყიდვას ცდილობს იაფად. მილეული ვარ სხეული მაწუხებს, გული მიწუხს; საკუთარი თავი მეზიზღება ხანდახან, მაგრამ ამ უკეთურს, ამ საზიზღრობას არ მივყიდი იმ ერთადერთ რამეს, რაც შემრჩენია. არ მინდა არაფერი, არ ღირს დათმო სიყვარული; მე მინდა მიყვარდე შენ, მიყვარდეს ის და მიყვარდეს ყველა. ჯიუტად ვდგევარ; მივიღე გადაწყვეტილება და გრძნეულს უარი ვტკიცე. ახლა მარტო არა ვარ; მოდის ვიღაცა, მოდის და მიღიმის; კეთილი თვალები აქვს იმ ვიღაცას, ის ჩემკენ იწვდის ხელებს; გრძნეული შებრუნდა და წავიდა; ის მიდის ნელი ნაბიჯებით გრძელ გზაზე; სულ ცოტა და თვალს მიეფარება; მეგონა მარტო ვიყავი, მაგრამ არა ჩემთან მოვიდა კეთილთვალებიანი ადამიანი და ჩამიხუტა; ვინ არის ეს კაცი; იქნებ მამაა ჩემი, იქნებ... მამას ჩვეოდა ასე თბილად მოპყრობა; თვალები ცრემლით მევსება; ტირილი მინდება; „აქ დარჩი, არ წახვიდე,“ მომძახის ვიღაც; კეთილთვალებიანი კაციც მიცილებს; ისიც გაუყვება მამაჩემის დინჯი ნაბიჯებით გრძელ გზას; მე მხოლოდ თვალს ვაყოლებ. ის არის, მამაჩემია, ვფიქრობ და მენანება რომ გავშორდი; ცრემლი მომადგა თვალებზე; რა ხანია არ მენახა; თვრამეტისა ვიყავი, როცა წავიდა, ეხლა დიდი ვარ, ასაკით დიდი; აბა სხვა მხრივ სხვები დიდკაცობენ; არ მივდივარ, ვბრუნდები შენთან ცოლო და შვილო, დავბრუნდი დედა; ხეზე ეულად კონწიალობს მარყუჟიანი თოკი; იყოს ეკიდოს, შევხედო მას, როგორც ბნელ მოგონებას; და ბოლოსდაბოლოს ვინ ვარ, საით მივდივარ? მე სიყვარულისთვის გავჩნდი; ესა და ეს... ხეზეეულად კონწიალობს მარყუჟიანი თოკი; მე კი ამ ქვეყნად ვცხოვრობ; მახსენდება კეთილთვალებიანი კაცი, რომელიც მამას მაგონებს და მიხარია სიყვარულისთვი რომ ვარ გაჩენილი... 2016 წელი. 14 მაისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი