ნილ!
ივლისს ფოთლები შემოადნა აგვისტოს ხვატში. იწურება და ცა მოღუშულ იერს არ იშლის. "გაღ დე ლიონის" ცივ ბაქანზე წვიმს, როგორც მაშინ. ნილ, ამჯერადაც ვერ მოვდივარ. ვრჩები პარიზში. ნილ, სულ მინდოდა მომეწერა. მეთქვა როგორ ვარ. რომ გამიხუნდა ღამეები, (ვკეცავ აღმართებს). და უდარდელი ბავშვობიდან თეთრი გოგონა, დიდი ხანია მოვკალი და ტბასთან დავმარხე. ნილ, რომ იცოდე, რომ იცოდე როგორ ყელშია, კაფე მეზობლად. მონმარტრი და ღამის "ელისე". შენ არც კი იცი, ვერ მიხვდები რატომ მერჩია მეცქირა ჩემი სოფლის მთები თხლად რომ შენისლეს ჭალიდან რძისფრად ამოზრდილმა ჩუმმა ნისლებმა. ან როცა ფრანგულ ქვაფენილზე წვიმა წკარუნობს მე ჩემი მიწის სუნი ვიგრძნო რატომ მინდება და რატომ ვნატრობ ღმერთმა შენი ბედი მარგუნოს. ნილ, დამიჯერე ხმელი პური უფრო ტკბილია, ვიდრე ეს მსუყე და ფუმფულა კრუასანები. აქ გაღვიძება სიკვდილივით გრძელი ძილია, რეალობა კი ბურანი და სიზმარნარევი. ნილ, შენს თმებს ალბათ ბალახების ნაზი სუნი აქვს და ეს გერჩიოს სურნელოვან "შანელს", "პუაზონს". შენი ოთახის დამპალ კედლებს. ძველს და მურიანს. ნუ გაცვლი სხვაზე, რაც შენია მას ნუ უარყოფ. ნილ, სიმარტოვე ჩემში ახლა ისე იზრდება, ლამის დავჯდე და ლამპიონებს ველაპარაკო. დამიმეგობრეს უჩვეულოდ თბილმა სიზმრებმა. გულის ტკივილმა ჩუმად მკერდზე თავი დამადო. სიცარიელემ მთელ სხეულში ხელი დამრია და სული ცივი ყინულების ქვებით მევსება. ამ ღამისთევებს, სტრიქონ-სტრიქონ ფრთიან, ძარღვიან ლექსებს ყოველი უჯრედი და წვეთი ნებდება. ნილ, იოლია ოცნება და ძნელი ფრთისშესხმა. თუკი არ მომკლა არ იფიქრო ძალა შემძინა, გწერ. გულს ვიოხებ. საიდუმლოს უფრო გიმხელ და შენ არც კი იცი, რა არ ვნახე... სად არ მეძინა... აქაურ ცაზე ნუ გგონია წყვეტენ ვარსკვლავებს. აქ არსებობა, ნაცრისფერი, არის ბოჰემა. შენ ძალა შეგწევს და სურვილი. იბრძვი გადარჩე. მე კი სურვილის და ამ ძალის ძებნა მომბეზრდა. ნილ, დღეს თუ არა. ხვალ თუ არა. იქნებ იყოს ზეგ. ნილ, იანვრები. თებერვლები. იქნებ მარტები. ნილ, სანუგეშოდ კვლავ უაზრო ლექსებს ვიგონებ. ნილ, ამ უკუღმართ ბედისწერას მგონი დავნებდი. გამცილებლები. ვაგონები. ბილეთი. საშვი. ამინდი ღრუბლის ფაფუკ პლატოს აღარ გაიხდის. "გაღ დე ლიონის" ცივ ბაქანზე წვიმს, როგორც მაშინ და ამჯერადაც ვერ მოვდივარ. ვრჩები პარიზში..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი