მე ზურგით ვდგავარ


მე ზურგით ვდგავარ.
სხვა ქარია ჩემკენ, სხვა თოვა..
უამინდობა - მშვიდი დარდის მოათაბაგე.
ვქმნი არყოფნების სიფრიფანა სიტყვის სახსოვარს,
ხედავ?! - რამხელა უჩემობით მოგამარაგე.

მე ვიცი მხოლოდ, როგორია თოვა აპრილში.
მე ვიცი მხოლოდ, როგორ უნდა ვაცინო სევდა.
მე ვიცი, ისე როგორ დაგთმო, როგორ გაგიშვა,
ბოლოს უკლებლივ ყველა ბილიკს მოჰყავდე ჩემთან.

მე ზურგით ვდგავარ.
წინ ქარია, ამინდი ხისტი.
ზოგჯერ არის რომ ცივ სიჩუმეს ლექსი ღრიალებს.
ვისთვის ადრეა, ვისთვის გვიან.
სულერთი ვისთვის..
მე დღიდან დღემდე არსებობა დავაგვიანე.

მე ვიცი მხოლოდ, რას მღერიან ღამის ლანდები
და ხომალდები მომღიმარნი რატომ კვდებიან.
რადგან სტრიქონებს სული, ხორცი, სისხლი ბარდება.
რადგან წერისას, თვით სიკვდილი დამტოლებია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი