... (შემომაბრუნე)


შემომაბრუნე..
ის ძველი გზები დამანახე - ქარებჩამდგარი.. 
წვიმებნაკლული..
მზით მორწყული ჰორიზონტები.
გამომაღვიძე,
თორემ ბლანტი სიზმარი გაწვა
ხელისგულებზე..
მკტივან თვალებს მივაფარე, თითქოს კურნავდეს.
თითქოს მშველოდეს,
როგორც აბებს დამამშვიდებელს
ვყლაპავ თბილ სიზმრებს.
წვეთ-წვეთ სიბნელეს მივაყოლებ, როგორც საწამლავს.

შემომაბრუნე..
ის ძველი გზები დამიბრუნე, ძველი ბაღები,
სადაც ყველა ხე ერთგულია, სადაც ყველა ხე
ტოტებს მხვევს წელზე, შეციებულს მიცავს ქარისგან.
გამომაღვიძე,
თორემ ხომ ხედავ,
სარკმელთან ისევ შუაღამე ყივის და მსხვერპლად
ერთ წვეთ სისხლს ითხოვს ერთი წვეთი ლექსის სანაცვლოდ.
ჰოდა მეც ვდგები -
წარმართების ვიწყებ შელოცვას..
მერე ლექსები აცოცხლებენ მტკვარზე მადათოვს..

განა რა არის.. განა რამე, წყალმაც წაიღოს -
ლექსები, ღამე, კუნძულები, მთელი ხმელეთი.
წყალმაც წამიღოს!
წამიღოს და მხოლოდ ამას გთხოვ -
შემომაბრუნე,
ძველი გზებით, ძველი დინებით..
თორემ ხომ ხედავ, 
დამამტვრია ქარმა ხელები.
თორემ ხომ ხედავ, 
სიბნელესაც აღარ ვეთმობი!
ვდგავარ და მკორტნის უძილობის ლურჯი ყორანი.
ვდგავარ,
სიმშვიდეს ზანტად ვიჭრი ხმელი კანიდან.

გამომაღვიძე.
მერე იყივლოს..
იყივლოს თუნდაც შუაღამემ,
ლექსმაც იყივლოს,
სისხლმაც იყივლოს,
განთიადზე თეთრმა მამალმაც...
ოღონდ მე მამლის ყივილზე და მზის ამოსვლაზე
არ შემეშინდეს.

ის ძველი გზები დამანახე.. ქარებჩამდგარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი