Comme volonté
არსებობენ სახლები , ავტობუსის ფანჯრებით. ავტობუსები - სახლის ფანჯრებით. ერთნი დგანან. მეორენი მიდიან. სახლები გაუღებელი ფანჯრებით. ავტობუსები ფართოდ გაღებული სიცარიელით. ხეხილიანი მაგისტრალები - დაუკვირტავი, დაუტკბობი ბაღები. ძაღლდაუყეფავი ეზოები - ეზოსგარეშე ძაღლები. . არსებობენ უდარდებო მოტირალები და ღიმილდარდიანი, სიცილნატკენი ადამიანები. სხვანაირად ინთებიან მათ თვალებში ვარსკვლავები. დაბადებიდან ერგოთ ადგილი მიწაზე - ცარიელი საფლავებით. . დაბადებიდან ზურგით დააქვთ უპორტრეტო, მარმარილოს ქვები. ყოველღამ მიდიან თავიანთ საფლავთან. ჩამოჯდებიან.. ფეხებს მიწისგულში ჩაჰკიდებენ. სხედან, როგორც თოკგაცვეთილ საქანელაზე. თვალებს ცაში უშვებენ ვარსკვლავების ჩასაგუბებსად. . ყველაზე მეტი მან იცხოვრა, ვისაც არასდროს უძინია, და მაინც უამრავი სიზმარი ჩაისუნთქა. ყველაზე მეტი მან იხილა, ვინც დახუჭული თვალებით ისწავლა ხედვა. ვინც სიჩუმის მელოდიას აჰყვა და მძაფრი ტანგო შეასრულა ცარიელი საფლავის ირგვლივ. ვინც ყოველღამ უკანასკნელ ლექსს მღერის, "როგორც ანდერძს, როგორც საიდუმლოს". შემდეგ საკუთარ დაკრძალვას ვიწროდ გახეხილი თვალებით უცქერს. მათ უარი თქვეს სახლებზე და ავტობუსებზე. უარი თქვეს დარჩენაზე. უარი - წასვლაზე. თეთრ ნისლში ბოლომოწყვეტილი, სველი რკინიგზები არჩიეს და შიშველი ფეხით გაუყვნენ გზას არსაით. მატარებლის სულმკივანი წამოყვირების მოლოდინით, რომ მოასწრებენ და უკანასკნელ ვაგონს მაგრად ჩაჰკიდებენ ხელს, ან პირველივე შეხებაზე მათ სიპქვადქცეულ სულს ჰაეროვნად გაიყოლებს ელმავალის კვამლი სიშორეში. . არსებობენ ადამიანები თანდაყოლილი უპორტრეტო მარმარილოს ქვებით. ადამიანები თვალებში ჩამდგარი ცარიელი საფლავებით. ადამიანები სანთლისსუნიანი, მბჟუტავი სხივებით თვალებში. ვინც დაიჯერა, რომ ყოფნა სიზმარია. არ ყოფნა - რეალობა. რომ ყველაფერი ნამდვილი, უბრალოდ არ არსებობს და არსებობას დაემალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი