სევდის ბოლერო


გადაათეთრა ზამთრის თრთოლვამ ფიქრის ტევრები. .
ბზის მოვერცხლილი ტოტებია სულის სამრეკლო.
ისე შორია სიმშვიდემდე,
როგორც ბევერლი-
ჰილზი და ცხადი, 
რომ დღეს რამე უნდა დავწერო,
უნდა დავცალო, 
ჩამოვფერთხო 
გრძნობებს ეს თოვლი.
დროა მოვარგო გაქცეულ ფიქრს ლექსის ლაგამი.

ცა რომ ფიფქებად ტკივილების საფანტს მესროდა, 
მე ნდობას დამდნარ თოვლზე უფრო სწრაფად ვკარგავდი.

გაუფერულდა მოთენთილი ქარის წკრიალი,
როცა ნამქერი გულს დარდებად გადაათოვა.
თეთრ ვაკუუმში დამწყვდეული ღამე ღრიალებს. .
და როგორც მთვარე სავსე ცაზე,
ისე მარტო ვარ.
.
ფერმკრთალ ლანდებად ფანტელების 
ბრუნავს ბოლერო. .
მგონია ვქრები, 
სამყაროთა მიღმა მივილტვი.
ღიმილს თილისმად სევდიანი მზერა მოერგო..            
ძლიერ ქალებსაც ჰყვარებიათ ღამის ტირილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი