დასაბრუნებელი


ფრანგული სუნია. . 
ფრანგული სუსხი და ფრანგული ეტრატი.
დრო შემოდგომიდან აკენკილ ხმელ ფოთლებს მიჰყვება.
მე დავბრუნდებიო. .
ჰო, დავბრუნდებიო - (ღმერთმანი).
წკრიალით გაჟონეს გულიდან ჩაკლულმა სიტყვებმა.

ფრანგული წვიმაა. 
ქვაფენილს ამინდის სიმპტომებს
ვამჩნევ და ვჩურჩულებ:
მშიდობით. . მშვიდობით, ჟან ვალჟან.
ამ ქუჩებს, შენობებს, ქალაქებს, ქვეყანას გიტოვებ.
მივდივარ. .
განცდაა, რომ თითქოს კატორღა დამთავრდა.

დასცვივდა ნოემბერს დღეები. 
საამო სუსხია.
ქარები ქრიან და ქუჩები ხმაურით გაგუდეს.
პარიზულ ცასა და ღამესაც "თავში ქვა უხლია".
ვერსალსაც. 
ნოტრ-დამსაც. 
ჟან ვალჟან, მე უნდა დავბრუნდე(!)
იქ სადაც მელიან 
და თუმცა დამემსხვრა ფესვები.
და თუმცა ვიცი რომ ვერ გავძლებ, ან უფრო ვინანებ.
ვიდრე ვარ.
ვიდრე მწამს.
ბნელ გზას კი ჯერ ისევ ვემჩნევი, 
მე უნდა დავბრუნდე მზენაკლულ - აკუწულ მიწაზე.

რეისი ლიონი-სტამბოლი-თბილისი მიტოვებს
შეგრძნებას - დაშვება მიწაზე დღეს უფრო ძნელია.
თუმცა ჯერ დრო მაქვს და ვიდრე ცა ფრანგულად ითოვებს.
ნაწვიმარ ბაქანზე ვიდრე კვლავ მდუმარედ მელიან.

მე უნდა დავბრუნდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი