ოქტომბრის
სიცრუე. ამინდი. ცვლილება. ოქტომბრის ყვითელი ტილო. ბუხარი. (ცა წვეთ-წვეთ ილევა). ვზივარ და სიცოცხლეს ვცდილობ. ჟასმინის უშაქრო ჩაი და მზერა უციმციმებს კოცონს. ყოველგვარ სიშორეს აიტან, როცა მარტოობა მოგწონს. სხეულში სიმშვიდე, ცისფერი. კარს მიღმა ფოთოლთა წყება. იქ სადაც ხელახლა იწყები ნოტები არასდროს წყდება. სუნია შეშის და სიცივის. გარეთ კი ქარების სალსა. ღრუბელი საავდროდ მიცინის სარკმელზე აკვარელს ასხამს. ფიქრს მითბობს, გაყინულს, ჟასმინი. ღრუბელო, დამჩემდი დარდად. შენ გულო, ნუ ჯავრობ. დამშვიდდი. ოქტომბერს ისედაც გავხარ. დადუმდა ნოტები, გერშვინი. (ცა ოცდამეათე). ფარდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი