არ იყო ღმერთი


ვძერწავდი ფერად სიზმრებს და ლექსებს.
ფრთხილად ვაწყობდი ვარდისფერ სკივრში.
ალბათ წყევლაა ვერსად რომ ვერ ძლებ.
წყევლაზე მძიმე - ამას თუ მიხვდი.

თოვას ვნატრობდი. 
ველოდი თოვას
და ბედი წვიმის ალერსს მივანდე.
მოდი სიზმრების მთელი ეს გროვა
დაწვი. 
ნამდვილზე, ცხადზე მიამბე.
დანაპირები მიამბე ის რაც
რეალობაა, ჭორი, თუ მითი.
სახურავებზე ღამე რომ იწვა
განთიადები მოჰქონდა სხვისთვის.

სადღაც კი იყო ნათების ელდა,
სიხარული და ცოტა მცდელობა.
ვწერდი და რაღაც მიმქონდა ღმერთთან.
ღმერთთან მიმქონდა ასე მეგონა.
ღმერთი კი არსად, 
არსად არ იყო
და უსასრულო, დაბურულ გზებზე
დასასრულისკენ ათვლა დაიწყო
რწმენამ. 
სიზმრები თეთრ ნისლში მხვევდნენ -
სადაც ქრებოდა ქუჩები, გზები. 
მატარებლები რბოდნენ უკუსვლით
და სახლმონგრეულ აივნებს ჩემს წინ
კივილით ჰყრიდა ქარი უფსკრულში.

არც ფოთოლცვენა იყო ოქტომბრის.
არც მარტისფერი იები ციდა.
ტკივილო, გულით ძლივსღა მომქონდი.
და შინაგანი სუსხისგან მცრიდა.

ხეებზე ქარი ფოთლების ნაცვლად
აფრიალებდა სისხლისფერ ფარდებს.
ანგელოზების გალობა, სადღაც
შეწყდა და ავი სულები ჩანდნენ-
მზერაში, ბნელში, ჩემში თუ ირგვლივ.
მომიცვა სრულად დამღლელმა ბინდმა,
ძალას და რწმენას ვკარგავდი მივხვდი.
ღმერთი კი,
ღმერთი სხვა მხარეს იდგა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი