ქუჩა, რომელიც ყარს
ვიწროა ქუჩა. ნაწვიმარი. ისეთი ვიწრო, რომ მხარს თუ არა, დამიჯერე გაგკრავენ მზერას. ჩაგიძვრებიან სულში ურცხვად, რაც უნდა იგრძნო. გაგაწამებენ დაუნდობლად, რატომღაც მჯერა. სველია ქუჩა. ასფალტზე კი თევზები წვანან. ჩამოიყოლა უადგილოდ მოსულმა წვიმამ. თვალებს აყოლებ სევდიანად მავანს და მავანს. მცივან ბეღურებს უღიმი და უბეში ისხამ. აქ რესტორნების, კაფეების, ლურჯი ტენტების მონაცვლეობას ნაბიჯ-ნაბიჯ ბოლო არ უჩანს. შენ კი ხვდები, რომ იხრჩობოდი, ვერსად ვერ ძლებდი და გაურბოდი აყროლებულ თევზების ქუჩას. არ ჩაივლიან გოგონები სიცილ-კისკისით. ვეღარ შეხვდები ბედნიერად მომღიმარ სახეს. ვის რა დარდი აქვს, ვის რა ბოღმა, ღმერთო ვინ იცის და წყალს იგუბებ, იმალები შენც რომ არ გახდე ხელმისაწვდომი როგორც ჩიხში მძინარე ლოთი ან ლამპიონზე მოფარფატე ღამის პეპელა. რომ არ დაიწყო ხარხარი ან ტირილი მოთქმით, როცა ნაწვიმარ ტროტუარზე ხალხი ვერ გხედავს. გტკივა და გიკვირს ამ ქაოსში საიდან მოხვდი. რად არ განებებს შორს გაქცევის სურვილი თავს და რად ეხვეოდა უსახური "ბომჟების" ომში, ქუჩა რომელიც თევზზე მეტად ხალხისგან ყარდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი