ფარატინა


გულხელდაკრეფილი დღეებია,
ვკოცნი სისხლით ნაბან კამელიებს.
ქარით მოტეხილი ხეებიღა
სჩანან ამოთხრილი თვალებიდან.

ჩემით შენს გულამდე მოტანილი,
ღამე დაკემსილი, თვალწასული.
წელში მოწყვეტილი ლოტოსივით,
ვდგავარ მოლოდინით სასწაულის.

ფიქრთა პარალელით უჩვენობა
მოჰგავს ერთად ყოფნის აპოთეოზს.
ჩემი სიახლოვე თუ გშვენოდა,
დროა, რომ სიშორეც მაპატიო.

მკრთალი დღეებიდან ამოჭრილი,
ერთი ფარატინა ქაღალდი ვარ.
ბედმა შენს ნუგეშად გამომძერწა
და შენს იარებზე დამაფინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი