ქალური მონოლოგი


ლურჯი ღამიდან თეთრი მტრედი კამარას შეკრავს, 
მებადურები იპოვნიან ვერცხლისფერ თევზებს. 
სიშორემ ისე შემიყვარა, 
რომ უკვე ვერ მკლავს
და მარტოობას მივუხვდი,  რომ 
უჩემოდ ვერ ძლებს.
ჩემს თითებს ისევ მონატრების სუნი აქვს ნაზი.
ვერ დავიწყებულ სიზმრებიდან სჩანან ხიდები. 
მომეჩვენა თუ მართლა ასე ძალიან მგავდი?!
მეჩვენება თუ შენთან ყოფნით მართლა ვმშვიდდები?!
ჩემი სავალი გზები გაჰყვა ნისლის ვაგონებს
და თუ ვამძიმებ დედამიწას ვივლი ცერებზე.
ნეტავ, ვიცოდე როცა მიცქერ ღმერთს თუ გაგონებ?!
ნეტავ, უჩემოდ ვერასოდეს ქვეყნად ვერ ძლებდე!
(ასეთები ვართ ქალები და ვოცნებობთ ასე.
ზოგი ჟანაა, ზოგი პლათი, ან ოფელია).
მეც ჩემი წილი სამყარო მაქვს დარდებით სავსე, 
ფიქრთა სურნელი ბალახს დილის ცვრად მოჰფენია.                        
ზღვის ლოცვას მოჰგავს მოქცევისას ყრუ დაკივლება  
და იაპონურ ხიდებზე დგას თეთრებში მონე.
ვიყავი ნეკნი, დაგიბრუნე სრუყოფილება
შენ კი კვლავ უკრავ ჩემს მალებზე ტკივილის სონეტს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი