უშვილო დედებიდან უდედო ბავშვებამდე(ან როგორც გენებოთ)


დე, იცი?!
ჩემი და შენი სამყარო, არც ისე შორსაა ერთმანეთისგან.
სულ რაღაც, ერთი ხელის გაწვდენაა.
ერთი ფეხის გადადგმაა.
ერთი ნახტომია.
ჩვენ...
ვერ გადავკვეთეთ პარალელური სამყაროები.
ვერ შემოვიკეცეთ დედა-შვილობის თბილი საბანი.
ვერ გავითბეთ გაყინული სული და 
ამომშრალი თვალები.

დე, იცი?!
როდესაც თქვენთან, უდედო ბავშვები ელიან დედებს,
აქ, ჩვენთან, უშვილო დედები ეძებენ მათ.
ჩაიცვამენ რკინის ქალამნებს და დადიან.
დადიან სალოცავიდან სალოცავში.
ბარიდან - მთაში.
ტაძრიდან - ტაძარში.
ნაპოვნი ღმერთიდან - დაკარგულ ღმერთამდე.
უღმერთობიდან - ნატვრის ხეებამდე.
თეთრი ბატკნებით და
მხრებზე ჯაჭვებით.
უშვილო აკვნებით და
გულამდე დარდებით.
ვერ ნამღერი იავნანებით და
ცრემლიანი თვალებით.
ტყუილი იმედებით და 
იმედგაცრუებულები.

დე, იცი?!
მეც მქონდა ჩემი ნატვრის ხე.
ტანმაღალი და ელვარე.
თეთრი აკვნებითა და 
მზესუმზირისფერი იმედებით მსხმოიარე.
თითო აკვანში მიარტახებული თითო ნატვრითა და 
თითო ოცნებით.
მაგრამ ჩემი ნატვრები
სამუდამოდ მიაძინა ჩუმმა იავნანამ.
ვერც ღმერთამდე მიიტანა და ვერც შენამდე.

იქნებ ღმერთმა ვერ გაგიმეტა ამქვეყნიური ჯოჯოხეთისთვის?!
იქნებ არც გინდოდა!
იქნებ არც ღირდა!

დე, იცი?!
მე შენ გხედავ.
ყოველთვის, როცა სარკეში ვიხედები
სარკის მიღმა დგახარ და მიღიმი.
მიღიმი და ხელებგამოწვდილი შემომცქერი.
მე გულში გიკრავ.

მაპატიე!
მაპატიე, ყველა ცარიელი აკვანი.
ყველა ვერ ნამღერი იავნანა მაპატიე.

'' მზის სხივების აკვანი გაქვს, იავნანინაო.
ანგელოზის ფრთები გხურავს, იავნანინაო
ანგელოზი გირწევს აკვანს, იავნანინაო.
თეთრი კრავი გესიზმრება, იავნანინაო ''

დე, იცი?!
ერთ დღეს, დავდგები სარკის წინ.
მე და შენ გვეცმევა თეთრი კაბები და გეტყვი -
რომ მე შენთან მოვდივარ.

მაშინ, როცა
დედამიწა იქნება ორსულად.
მაშინ, როცა
დედამიწას ასტკივდება მუცელი.
და მაშინ, როცა
შენ იმღერებ ჩემთვის იავნანას.
მარადიული დაბადების იავნანას.
გამოღვიძების იავნანას. 
დაბრუნების იავნანას. 
მე გავიღვიძებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი