სასჯელი


და როგორც ყოველთვის 
სამიდან ოთხამდე,
ან ოდნავ ადრე, ან ოდნავ გვიან.
სიძველით გაცვეთილ დარაბებს მოადგნენ,
ჩრდილები -
მტანჯავენ, მერჩიან, მღლიან.
ნიავის თრთოვლაზე ჭრიალებს დარაბა.
მაღალი ფარდები გაქცევას ლამობენ.
დაგეძებ, გეძახი.
არა ხარ. არა ხარ.
არა ხარ. არ ყოფნით მოკლულ ღმერთს მაგონებ.
ჰო, ღმერთი მომიკლეს.
გაყიდეს, გაცვალეს.
მე მასაც ვეძებდი, დავკარგე ოდესღაც.
ვიღლები ყველაფრით, 
გაქცევა მაცადე.
მომბეზრდა თამაში. სპექტაკლი. ბოჰემა.
დავდივარ, ფეხის გულს ეკლები ესობა.
თვალებში დაგუბდა ნისლი და მაბრმავებს.
ევამ თუ აცდუნა, ადამმა შესცოდა,
სამყარო ამ ცოდვებს მე რატომ მაბრალებს?!
ვიღლები, 
ვიცლები, ან იქნებ იმდენად
სავსე ვარ პირამდე, ყელამდე, გულამდე,
რომ როგორც ობოლი მათხოვრის სიმღერა,
არც დავწყებულვარ და მოვრჩები მდუმარედ.
მორჩება ერთ დღესაც შავ-თეთრი კადრები,
ფურცლები,
მელანი, მტვერი და იქნება...
იქნება მიხვდე, რომ შენს სახელს ვარქმევდი,
ნაცრისფერ ღამეებს და ხსოვნად მიმყვება.
დღეები, რომლებსაც დღეები არ ერქვა,
წამები, რომლებიც წუთებში კვდებოდნენ.
სამყარო, რომელიც თვალებში დამემსხვრა.
და შენი ხსენებაც - ღმერთი რომ მეგონე.
ღამეა ისევ და ჩრდილები თვალებთან
მოსულან, ხარხარით გონებას კორტნიან.
ჩემი არსებობა სიბნელეს დანებდა
ჩემი სხეული კი ჩემივე მორგია.
თუკი იფიქრებ, რომ ვცრუობდი ყოველთვის,
გეტყვი რომ სიცრუე მხოლოდ ეს ყოფაა.
გიჩვენებ ჩემს თითებს სისხლიანს, 
მოტეხილს
და იგრძნობ სასჯელი 
პოეტად ყოფნაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი