“უარესად ვარ, ვიდრე გუშინ ..


“უარესად ვარ, ვიდრე გუშინ 
და უკეთ - ვიდრე ხვალ ვიქნები"
გავიღიმე და ვინუგეშე 
თავი, ხელახლა დავიწყები
ჰო, დღეს თუ არა ხვალ.
და ხვალ თუ არა ზეგ.
ვდგავარ და ყალბი ნუგეშივით
ცივი ზამთარი მცემს.

გამომელია ყველა სუნთქვა,
რაც შენგან დამრჩა ჩავისუნთქე.
სიშორემ ცხადი შემაძულა.
გავცქერი ქედებს დანისლულებს.
აქ არც წვიმაა. არც ქარია.
არც ძველებურად თოვს.
სამყარო მძაფრი წყევლასავით
შემომიჩნდა და მგმობს.

რას ვითხოვ...
ან კი რას დავეძებ.
გავრბივარ, ისევ სხვაგან ვხვდები.
მე სხეულიდან გამაძევეს,
სულზე შებმული არტახებით.
როლია უცხო სცენარიდან
ვქმნი და ვთამაშობ სხვას.
ღამე კი მშიერ-მწყურვალივით
ასე წვეთ-წვეთად მსვამს.    

ვარ უარესად ვიდრე წინა
და უკეთ ვიდრე მომავალ წელს.
დაღლილ შველივით მიეძინა
სუნთქვას.
სიცოცხლე მივაბარე
სხვებს და იქნება გამაღვიძონ
მათ, დღეს თუ არა ხვალ.  
მაგრამ ვაი რომ გამთელავენ
ვით შეუცნობელ გზას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ძალიააან სულში ჩამწვდომი სიტყვებია🥰

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი