გონებრივი აბლაბუდა
აკვიატებებს შეჩვეული ვბორგავ ბოლო დროს. ამიყოლია დღესაც ფიქრმა უშნომ დილიდან. "ეკლესიასტე" , ტრაგიზმი და იქნებ , სოლომონ. იქნებ სამყაროც აღსასრულის ზღვართან მივიდა. უკურნებელი სენია და მძლავრი შიშების ჩემი გონების ბნელ კუთხეში გადმოსახლება. მე საკუთარი პორტრეტიდან ნელა ვიშლები. მობეზრებული სიზმრის გვერდი ამოსახევად გამზადებული ჩუმად ველი მგოსნის განაჩენს. და მის თითებზე მინდობილი აღარ ვიწუხებ თავს რომ ვიბრძოლო. ვიარსებო ანდა გადავრჩე. კლდოვან ქვესნელებს. სიბნელეებს მღვიმე მიწურებს ვეძებ და დუმილს. დუმილს მოაქვს თეთრი სიმშვიდე. სწორედ იმ თეთრი უნაპირო ჰორიზონტიდან სადაც მე ყველა დაკარგული სული ვიშვილე. სადაც მე კიდევ არცერთხელ მოვალ, მოგიტან ღმერთო, რაც ჩემი ვალია და ჩემი მისია. მაგრამ უჩნდება ჩემს ნაბიჯზე ასფალტს ბზარები. ქაოსი. ბზარი. ნაკვალევი. ბრალიც სხვისია. და მიკვირს. მიკვირს ამ ქაოსში როგორ გავები. როგორ გავები მე სამყაროს აბლაბუდაში. ან როგორ ვიტევ გალაქტიკის მბორგავ ქარიშხლებს. არ მინდა შენგან თანაგრძნობის სიტყვა ნუგეში. აბლაბუდიდან ჩამომხსენი როცა განიშნებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი