სახადი


დეპრესიული კინო-კადრი სეანსს შეუდგა.
ფიქრების რიგი ჩამომწკრივდა პირამიდებად.
ღამე კი ისე შეიფერა მთელმა სხეულმა,
რომ ახალი დღის გათენება აღარ გინდება.
სარკმლიდან ქარი გესლიანად ალბათ დაუსტვენს,
მზერაში რაღაც უჩვეულო ბინდით დაღამდა.
და ამ შეჩვეულ მარტოობას ისე გაუგე
უკვე გგონია, 
ბნელ ოთახში შენც კი აღარ ხარ.

ფრთხილი წვეთების ფეხაკრეფა ფანჯრის მინებზე
გახვედრებს, როგორ გენატრება მშვიდი პარტერი.
და ღამევ, თუკი გათენება აღარ ინებე,
ნუ გგონია, რომ 
მოლოდინის მსხვერპლი გავხდები.

ისევ გაჰკივის ქარი გულის წამღები კვნესით,
ჩამოაღამდა ლურჯი ნისლით ფერმკრთალ ბაბილონს.
ხვდები, ბოლო დროს შენი უკვე არავის ესმის
და აღარც გინდა ახლა ვინმემ, რამე გაგიგოს.
ეს პოეზია, თუ ოდესმე დაგამტვრევს მკლავებს,
დარჩება შენში, საუკუნო, სულის სახადად.
და რომ იცოდე, უსათუოდ მოკვდები ხვალვე-
სიკვდილის წინაც, 
სევდით სავსე სტროფებს დახატავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი