აპრილის თოვა


ჩემთან გათოვდა.
აპრილის თოვა, წააგავს ტკივილს.
თითქოს დაღლილი ზეცა იმტვრევს ღრუბლისფერ თითებს.
თითქოს სიცივე სისხლთან ერთან ძარღვებში მივლის.
მომავალ ზამთარს არც გათოვდეს, 
არც ვიყო იქნებ.
ვჩქარობ წერას და ჩემთან ერთად კვდებიან თითქოს,
ჩემი ლექსები, გრძნობები და იღიმის ბაგე,
როდესაც ხვდები, 
თურმე ქვეყნად არაფერს ითხოვ,
მხოლოდ ცდილობ, რომ უდარდელს და მხიარულს გავდე.
როდესაც ხვდები, 
კარგავ მას და ქრება განცდები,
კარგავ კი არა, საკუთარი ხელებით უშვებ,
როდესაც უკვე სულერთია ის, რომ მთავრდები
თითქოს არც ცდილობ, არც ეძებ და არც ითხოვ ნუგეშს.
გათოვდა ჩემთან,
ისე მშვიდად, ისე ლამაზად,
მზესაც მოუნდა ჩაექსოვა ფიფქები თმაში.
მე კი ვუმზერ და ვხვდები უკვე, 
ისე ავად ვარ,
რომ სადაცაა მე ვითოვებ 
მიწიდან ცაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი