Ca va passer
ცხოვრებაა, კარგო! - აბა რას იზამ?! დღეს ითოვებს, ხვალ კი გაგიწვიმდება. დასრულდები. კვლავ დაიწყებ თავიდან. ცოტა სითბო, ცოტა ომი იქნება. შეგიყვარებს, მერე ალბათ დაგტოვებს. გეტკინება, - მერე დაგიამდება. შენთვის იქნებ არც არასდროს გათოვდეს, ამინდებმაც იცის დაგვიანება. წესები აქვს ბუნებას და განგებას, სადმე ისევ აყვავდება გვირილა. მერე ცოტა ოცნებებიც ახდება, ყველა არა, აქა-იქ და ირიბად. მერე წავა, მერე დაგემალება, მერე მოვა, ისევ მოენატრები. აცივდება. მერე ყინვაც დადგება. ცხოვრებასთან ვინ გახდება თავდები. გაიხარებ, მერე ცოტას იგლოვებ, ჩაანაცვლებს აისს, თბილი დაისი. წყენებს ისევ გულის გულში იგროვებ, გაიღიმე, ჩემო, - ესეც გაივლის. ტკივილებიც, ისე ძლიერ გახშირდა გაიოცებ!... მერე ცოტას იჯავრებ. ცხოვრებაა, კარგო! - აბა რას იზამ?! დღეს ქარია, ხვალ კი გამოიდარებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი