ბედობის სიმფონია


გარეთ მშვიდი თოვა ძველი ტკივილების
ყველა ნაიარევს ხოცავს,
მგონი დამებედე, უფრო მოგეკედლე,
სულში ჩამისახლდი
მორცხვად.
თოვლთან შეფერებით, ჩუმად იღიმები,
ფიქრი მთელ სხეულში ცოცავს.
ნეტავ გამებედა, თუნდაც ერთხელ მაინც,
შენზე გამებედა ლოცვა....
დღეს, ხომ ბედობაა, ფრთხილად ეფერები,
ძველი კონიაკის ფინჯანს.
ღამე ჩემს ნერვებზე ბოლო აკორდების
გაუსაძლისობას სინჯავს.
თეთრი ფანტელების
მშვიდი სიმფონია,
ყელზე მოეხვია ფანჯრებს,
ტვინის უჯრედებში
ბუდობს ინსომნია,
ვმალავ არითმიულ მაჯებს.
თოვს და დედამიწას სუნთქვა ეხუთება,
თოვლი ყველა ნაპრალს ავსებს,
ახლა შემძლებოდა შენი ჩახუტება
დაგებედებოდი ასე...

...

გარეთ მშვიდი თოვა ძველი ტკივილების
ყველა ნაიარევს ხოცავს,
მგონი დამებედე, უფრო მოგეკედლე,
სულში ჩამისახლდი
მორცხვად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი